სპეც ოპერაცია ბელგიის დედაქალაქში, სადაც პარიზის ტერაქტების შემსრულებლების კვალი მიდის

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეც ოპერაცია ბელგიის დედაქალაქში, სადაც პარიზის ტერაქტების შემსრულებლების კვალი მიდის. პოლიციამ სპეც-ოპერაცია ბრიუსელის გარეუბანში მოლენბეკში ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, არ არიან დაკავებულები. ძმებ აბდეს-ლამებს კი მათი მეზობლები დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ექსტრიმიზმის ნიშნები მათ არასდროს გამოუვლენიათ. როგორც ცნობილია, პარიზის ტერაქტების მონაწილეებიდან ორი ბელგიაში მცხოვრები საფრანგეთის მოქალაქე იყო. პარიზის ტერაქტი ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელთა სამმა ჯგუფმა განახორციელა. ეჭვმიტანილთა ძებნის ოპერაცია კი საფრანგეთსა და ბელგიაში ისევ მიმდინარეობს. მათ შორის ისევ იძებნება სალეჰ აბდეს-ლამი, ერთერთი მოკლული ტერორისტის ძმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა ტერორისტულ აქტებში. ამ დრომდე 7 ტერორისტის ვინაობაა იდენტიფიცირებული. მათ თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე პარიზის გარეუბანში იქირავეს ბინა. უკვე დადასტურებულია, რომ პარიზის თავდასხმა სირიასა და ბელგიაში დაიგეგმა. დღეიდან საფრანგეთი თავდაცვის ახალ სტრატეგიაზე გადადის. ამის შესახებ ვერსალში პრეზიდენტმა ოლანდმა განაცხადა. მომდევნო 2 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით პოლიციის 5 ათასამდე დამატებითი ბლოკ საგუშაგო გაიხსნება და განხორციელდება უცხოეთის ყველა იმ მოქალაქის დეპორტაცია, რომელიც საფრთხის შემქმნელია საზოგადოებისთვის. გარდა ამისა, საფრანგეთი სირიაში ფართო მასშტაბურ ოპერაციას იწყებს ისლამური სახელმწიფოს განადგურების მიზნით. „ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს ცივილიზაციებს შორის, ეს არის ბრძოლა ჯიჰადისტების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მთელ სამყაროს და არა მხოლოდ საფრანგეთს. ისლამური სახელმწიფოს განადგურება მთელი მსოფლიოს ინტერესებშია. ამიტომ მოვუწოდე უშიშროების საბჭოს, რომ რაც შეიძლება მალე შეიკრიბოს საგანგებო სხდომაზე და მივიღოთ ერთობლივი რეზოლუცია ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად,“ – განაცხადა ფრანსუა ოლანდმა. საფრანგეთის პრეზიდენტი ამ თემაზე სასაუბროდ უახლოეს დღეებში პრეზიდენტ ობამასთან და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრასაც გეგმავს. განვითარებული მოვლენების ფონზე, პარიზში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩავიდა. ჯონ კერიმ პარიზში ამერიკის საელჩო საფრანგეთის ფერებში გაანათა. „ეს ძალადობა, ტერორი და მკვლელობა არის თავდასხმა არა მხოლოდ ფრანგებზე. ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ სოლიდარობა და დავდოთ პირობა, რომ არასდროს მივცემთ მკვლელებს იმის საშუალებას, რომ თავის ძალადობრივ მიზნებს მიაღწიონ,“ – განაცხადა ჯონ კერიმ. უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო ისევ დიდი ოცეულის სამიტი თურქეთში. ბარაკ ობამამ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ახალი სტრატეგიის შესახებ განაცხადა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ შეერთებული შტატების დაზვერვას დასავლეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ ინფორმაცია ერთი წლის წინ ქონდა, თუმცა მათ არ იცოდნენ კონკრეტულად პარიზის ტერაქტის შესახებ. საფრანგეთის დედაქალაქში განხორციელებული თავდასხმების ფონზე დიდი ბრიტანეთი გეგმავს, დაზვერვისა და საჰაერო უსაფრთხოების კუთხით მეტი თანხების მობილიზება მოახდინოს.

Comments
Loading...