„სრული მხარდაჭერა პარლამენტისგან და ამბიციური მიზანი“ – გიორგი კეკელიძემ ეროვნული ბიბლიოთეკა ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად უნდა აქციოს
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოს პარლამენტის სრული მხარდაჭერა ექნება, – განაცხადი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ გააკეთა, დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თანამშრომლებთან შეხვედრის დროსაც გაიმეორა. ინიციატივები და განხორციელებული პროექტები, რომელზეც ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად გიორგი კეკელიძის დანიშვნიდან უკვე რამდენიმე თვეში მთელი საზოგადოება ალაპარაკდა, ახლა ახალი პარლამენტის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორია, ციფრული ფოტომატიანე, ქართველთა შორის წერა-მკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დარბაზი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, ქართული ემიგრაციის დარბაზი, ჭაბუა ამერეჯიბის სახელობის კაბინეტი და ა.შ.- ეს იმ რეაბილიტირებული დარბაზებისა და განხორციელებული პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ მასთან სტუმრად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს გააცნო. სტეფანე პაოლინის სახელობის იტალიურ ბიბლიოთეკაში კი პარლამენტის თავმჯდომარეს იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ უმასპინძლა.
„ერთი კვირის წინ გვქონდა შეხვედრა. სათითაოდ განვიხილეთ ყველა ის ინიციატივა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის გაძლიერებას, მისი რესურსების შემდგომ განვითარებას ითვალისწინებს და შეგვიძლია, დღესვე დავდოთ პირობა, რომ პარლამენტისგან ყველა ამ ინიციატივის სრული მხარდაჭერა იქნება. თითოეული ეს ინიციატივა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის, დაწყებული ელექტრონული კატალოგებით, დამთავრებული სოფლის ბიბლიოთეკების გაძლიერებით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივად წინსვლის პროცესში იყოს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს და ბიბლიოთეკის თანამშრომლებს წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისა და ძალიან საინტერესო ახალი ინიციატივებისთვის მადლობა გადაუხადა.
იმ ფაქტში, რომ საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაში მყოფ ეროვნულ ბიბლიოთეკას საკანონმდებლო ორგანო მხარდაჭერას უცხადებს, თითქოს უცნაურიც არაფერია და არც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გიორგი კეკელიძისთვის გადახდილ მადლობაში უნდა იმალებოდეს რამე წარმოუდგენელი, თუმცა… ფაქტი ერთია – როცა ადამიანი საქმეს აკეთებს და კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრისთვის თავდაუზოგავად იბრძვის, ვიღაც ღვაწლს მაინც უნდა უფასებდეს. სავარაუდოდ, ეს ისედაც სავალდებულო მხარდაჭერის ხმამაღალი აფიშირება სწორედ კეკელიძის პერსონისა და მის მიერ ინიცირებული და განხორციელებული შთამბეჭდავი პროექტების წინ წამოწევისა მცდელობა იყო. ბიბლიოთეკის დირექტორის თქმით, მისი საქმიანობა არც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს დარჩენია უყურადღებოდ და ამ მხრივ, არც ირაკლი კობახიძეა გამონაკლისი.
გიორგი კეკელიძე: უპირველეს ყოვლისა ვიტყვი იმას, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა სტრუქტურული თვალსაზრისით ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს. შესაბამისად, მისი ბიბლიოთეკის საქმიანობაში მონაწილეობა და დახმარება უპრიანი იქნება. ამ შემთხვევაში პარლამენტის მხარდაჭერა ფინანსურ და ინსტიტუციურ მიმართულებებს შეეხება. გვერდში დგომა გამოიხატება როგორც მზარდ ბიუჯეტში, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით დახმარებაშიც. სხვადასხვა პოექტების მხარდაჭერა, რესტრუქტურიზაციის მხრივ უფრო მოქნილი და პროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაც ძალიან პრიორიტეტული იქნება. ვფიქრობ, რომ პარლამენტის და თავად თავმჯდომარის მიერ აღთქმული დახმარება მეტად მნიშვნელოვანია და დადებითად აისახება ჩვენს მომავალ საქმიანობაზე.
ჩვენ გვქონდა სრული მხარდაჭერა პარლამენტის წინა თავმჯდომარისგან, არა მხოლოდ იმის გამო, რომ ბიბლიოთეკა პარლამენტის დაქვემდებარებაშია, არამედ იმიტომაც, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა არის წარმატებული ორგანიზაცია ჩვენს ქვეყანაში, რომლის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ საზოგადოებამ იცის. ჩვენი საბოლოო მიზანი კი საკმაოდ მნიშვნელოვანია და ეროვნული ბიბლიოთეკის ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ბიბლიოთეკად ქცევას გულისხმობს.
უახლოესი პროექტებიდან გამოვარჩევდი „ციფრული ბაზების სისრულეში მოყვანას, რასაც მაგალითად ემსახურება პროექტი „რუსთაველი“ – ეს პროექტი წლის საუკეთესო საგანმათლებლო რესურსადაა წარდგენილი და მოიცავს სრულ ინფორმაციას ქართულ წიგნზე. მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ ქართული წიგნის კუთხეების გახსნას საზღვარგარეთ – უკვე 25 ქვეყანაში გავხსენით. მნიშვნელოვანია მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ -ასობით სოფლის ბიბლიოთეკა აღვადგინეთ ან მოვამარაგეთ წიგნებით თუ კომპიუტერებით.. მაგრამ ძირითადი პრიორიტეტი მაინც ინფრასტრუქტურული განვითარებაა. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით წელიწადნახევარში გვექნება თანამედროვე, ევროპული კორპუსები. აქ იგულისხმება ქუთაისის კავკასიაში უდიდესი წიგნსაცავი, ასევე პირველი, მეორე, მესამე და მეხუთე კორპუსები, სადაც უკვე გაკეთდა ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა, განახლდა ფრანგული ცენტრი, გაიხსნა იტალიური და აფხაზური ბიბლიოთეკები, ასევე ელექტრონული დარბაზი, ეკო-დარბაზი, დედა ენის, სარაჯიშვილის, ვახტანგ მეექვსის კონსტანტინე გამსახურდიას, ემიგრაციის დარბაზი (სადაც ამერიკიდან, საფრანგეთიდან და ა.შ. უმნიშვნელოვანესი მასალები ჩამოვიტანეთ), წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დარბაზები, ჭაბუა ამირეჯიბის კაბინეტი, რეპრესირებული წიგნის კაბინეტი,“ მალე გაიხსნება ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის მუზეუმი, ასევე ანბანისა და შრიფტის მუზეუმი, ვემზადებით ვაჟა ფშაველას დარბაზისა და ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტის მშენებლობისთვის. გვაქვს კავკასიაში საუკეთესო ტექნოლოგიური ლაბორატორია, სადაც ისეთი პროექტები კეთდება, როგორიცაა ციფრული ფოტომატიანე, ფიროსმანი და ა.შ. გვაქვს სხვა ელექტორნული ბაზებიც: ბიბლიოვიკი, ლექსიკონები, სასკოლო ლექსიკონები და ა.შ. ვფიქრობ ბიბლიოთეკა განვითარების ახალ ფაზაზე გადადის.
ცოტა ხნის წინ 32 წლის გიორგი კეკელიძე ოზურგეთის საპატიო მოქალაქე გახდა. როგორც თვითონ ამბობს, ის სწორედ ამ პატარა, ოდნავ სევდიანი არქიტექტურისა და ნიჭიერი ხალხის ქალაქში დაიბადა. მოგვიანებით მშობლიური ოზურგეთი მისთვის შთაგონების წყაროც გახდა – მეხსიერებაში ჩარჩენილი მოგონებები ფურცლებზე გადაიტანა, „გურულ დღიურებად“ შეკრა და „ბესტსელერად“ აქცია. გურიას სხვა, მათ შორის, ტურისტული პროექტებიც დაუკავშირა. მშობლიურმა ოზურგეთმა ღვაწლი დაუფასა და ხალხის სიყვარულთან ერთად საპატიო მოქალაქის ტიტულიც უბოძა.
არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი: მე და გიორგი ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ერთ ქალაქში გავიზარდეთ, ერთად ჩავუყარეთ საფუძველი პირველ საზოგადოებრივ ინიციატივებს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ ერთად ჩამოვაყალიბეთ „ლიდერთა სკოლა“. ერთობლივი ძალებით დავაფუძნეთ პირველი ქართული ინტერნეტ-ბიბლიოთეკა Lib.ge.
მოგეხსენებათ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა გიორგის „საპატიო ოზურგეთელის“ წოდება მიანიჭა. ჩემი აზრით, მის მიერ განხორციელებული არაერთი ღირებული, ფასეული საქმის გამო, მშობლიური ქალაქის ღირსეული მოქალაქის ტიტულს ის ნამდვილად იმსახურებს.
გიორგი წარმატებული ადამიანია, რომელიც ახერხებს შემოქმედება და საზოგადოებრივი საქმიანობა ერთმანეთს იდეალურად შეუთავსოს. მან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც არაერთ საინტერესო ინიციატივას შემოგვთავაზებს.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებთ თანამშრომლობას და მე მუდმივად მზად ვარ მის მხარდასაჭერად.
ცოტა რამ გიორგი კეკელიძის ბიოგრაფიიდან
დაიბადა ქალაქ ოზურგეთში 1984 წელს. დაამთავრა ოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის N 1 საშუალო სკოლა. 2001-2009 წლებში სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მიღებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში , მომავალი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, ლექტორი და ტელეწამყვანი იწყებს აქტიურ საგანმანათლებლო მოღვაწეობას. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის ცნობილი მიღწევებია : პირველი ქართული ინტერნეტ-ბიბლიოთეკის Lib.ge-ს დაარსება, რომელიც მოიცავს ათი ათასზე მეტ ორიგინალ და ნათარგმნ ტექსტს, „გურული დღიურების“ პროექტი, რომელმაც საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
დღეს გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორია დაახალი პროექტებისა და იდეების განხორციელებას ამ პოზიციიდან აგრძელებს .
წარმატებული ლიტერატურული და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო :
2009 – ლიტერატურული პრემია „საბა“ — წლის საუკეთესო დებიუტი კრებულისთვის „ოდები”
2010 – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ჯილდო წლის წარმატებული ახალგაზრდა ლიტერატურის სფეროში
2010 – წლის ადამიანი ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ ვერსიით,
2012 – წლის ადამიანი ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ ვერსიით
2013 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებული
2013 – მუშვიგის სახელობის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია
2014 – გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“ – წლის ეროვნული ბესტსელერი
2015 – წინანდლის პრემიის ლაურეატი ლექსების კრებულით „პოეზია 2008-2013“
2015 – წლის ავტორი ქართულ ლიტერატურაში – ჟურნალ EGO-ს გამოკითხვა
2015 – გურამ რჩეულიშვილის პრემია ,,გურული დღიურებისთვის
2015 – სახე(ლ)ები 2015 – გურული დღიურებისთვის (ბესტსელერი) და ციფრული ფოტომატიანესთვის (წლის პროექტი)
2015 – საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდო – წლის საგანმანათლებო პროექტი – ეკვილიბრიუმი – სოფლის განახლებული ბიბლიოთეკები
2016 – 2016 წლის გამორჩეული ადამიანი ხალხის გამოკითხვის შედეგად (ორგანიზაცია ამაგდარი)
2016 წელი – ოზურგეთის საპატიო მოქალაქე
წყარო : sazogadoeba.ge