სტამბოლში საქართველოს კონსული: მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები არიან დაღუპულები და დაშავებულები

თურქეთში მომხდარი აფეთქებების დროს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის ირაკლი ასაშვილის განცხადებით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოქალაქეები მხოლოდ მგზავრობასთან დაკავშირებულ პროცედურებზე რეკავენ.

„შემოვიდა რამდენიმე ათეული ზარი, ძირითადად, მგზავრობასთან დაკავშირებული შეკითხვები აქვთ.

როცა ჩვენი მოქალაქეები მიემგზავრებიან აეროპორტში, თუ განსაზღვრული ჰქონდათ ერთი საათი მგზავრობაზე, ახლა უნდა განსაზღვრონ 3 საათით მეტი, რადგან აეროპორტის მისასვლელებში კონტროლს გადის ბევრი მანქანა, დიდი რიგია.

მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები არიან დაღუპულები და დაშავებულები“,- განაცხადა სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

სტამბოლის ცენტრში ორი ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 38, ხოლო დაჭრილია 200-მდე ადამიანი.

Comments
Loading...