სწორად ვიქცევით, როდესაც ბავშვებს თოვლის ბაბუას შესახებ ვატყუებთ? – ხანდახან „თეთრი ტყუილი“ გამართლებულია

ახალი წელი მშობლებისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა – ყველას სურს, თავის პატარას დღესასწაული გაულამაზოს და დაუვიწყარი საჩუქარი აჩუქოს, თანაც არა საკუთარი, არამედ თოვლის ბაბუის სახელით. თუმცა, ფსიქოლოგებმა ამასთან დაკავშირებით დასვეს კითხვა: უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, პატარებს სიმართლე სცოდნოდათ?

ფერიები, თოვლის ბაბუა, სანტა… ეს პერსონაჟები ბავშვობის განუყრელი ნაწილი და ჯადოსნური მეხსიერებაა. დეკემბრიდან ჩვენი პატარები თოვლის ბაბუის ვიზიტსა და მის საჩუქრებს სულმოუთქმელად ელიან, მაგრამ გაჩნდა მოსაზრება, რომ თოვლის ბაბუის შესახებ საგულდაგულოდ შეთხზული ტყუილი შეიძლება ბავშვისთვის საზიანო იყოს: ფსიქოლოგების განცხადებით, პატარებისთვის საკმაოდ რთულია ის მომენტი, როდესაც იგებენ, რომ თურმე თოვლის ბაბუა არ არსებობს.

სამეცნიერო ჟურნალ Lancet Psychiatry-ში მკვლევრები აქვეყნებენ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვები თოვლის ბაბუის, სანტა-კლაუსისა და სხვა საშობაო გმირების არარსებობის შესახებ შეიტყობენ, ქვეცნობიერად მშობლებისადმი ნდობას კარგავენ და თავში უამრავი ფიქრი უტრიალებთ, მაგალითად: „თუ წლების განმავლობაში მათ შესახებ მატყუებდნენ, იქნებ სხვა რაღაცებიც არ დაეჯერებათ?“

რა გავლენას ახდენს პატარებზე საახალწლო ტყუილი?

საქმე ისაა, რომ, როდესაც ბავშვი აცნობიერებს, რომ მშობლებს ასეთი განსაკუთრებული და ჯადოსნური დღის შესახებ ტყუილის მოფიქრება შეუძლიათ, ცხოვრების შესახებ მათ ბრძნულ მონოლოგებსაც ეჭვის თვალით უყურებენ.

მკვლევრები იმასაც აცხადებენ, რომ საახალწლო ღამის შესახებ პატარებთან საუბარში მშობლები ეგოისტური მოტივებით მოქმედებენ და გარკვეულწილად თავიანთი ბავშვობის აღდგენას ცდილობენ. ფსიქოლოგების ეს ნაწილი მშობლებისადმი კრიტიკულადაა განწყობილი: „სჭირდებათ კი ბავშვებს „ჯადოსნური სამყაროს“ შექმნა, როცა, ადრე თუ გვიან, მწარე სიმართლეს მაინც შეეჯახებიან?

თუმცა, მეორე მხრივ, ბავშვებსაც ხომ აქვთ უფლება, ჰქონდეთ ბავშვობა და ცოტა ხანს მაინც იცხოვრონ ზღაპარში?

ხანდახან „თეთრი ტყუილი“ გამართლებულია

მკვლევრები იმასაც აღნიშნავენ, რომ პატარების მოტყუება ხანდახან იმ მიზეზითაა გამართლებული, რომ შეიძლება რეალობამ ძალიან ატკინოთ გული: მაგალითად, საყვარელი შინაური ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში გვირჩევენ, ყურადღება გავუმახვილოთ იმ ფაქტზე, რომ ის აუცილებლად ცაში მოხვდება, ვიდრე, მაგალითად, მეცნიერულმა წიაღსვლებმა გაგვიტაცოს და იმის ახსნა დავიწყოთ, როგორ იხრწნება სხეული მიწაში. თუმცა აქვე გვახსენებენ, გლობალური ტყუილებისგან თავი შევიკავოთ, რათა პატარებმა ჩვენი ნდობა საერთოდ არ დაკარგონ.

ფსიქოლოგების მეორე ნაწილი განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს: მათი აზრით, მას შემდეგ, რაც ბავშვები მშობლების საახალწლო ტყუილს აღმოაჩენენ და მათ მიერ ნათქვამ სხვა რაღაცებშიც ეჭვს შეიტანენ, ამ დროს მათ ცნობიერებაში ჯანსაღი სკეპტიციზმი ვითარდება, რაც ბავშვისთვის საჭირო ცხოვრებისეული უნარია. ეს მკვლევრები მშობლებსაც ამართლებენ: საახალწლო და საშობაო ზღაპრების შეთხზვით ხომ ბავშვობისდროინდელ, ზღაპრულ სამყაროში ვბრუნდებით. ამიტომაცაა, ხშირად ერთმანეთს რომ ვასწრებთ, თოვლის ბაბუა ფორმას ვინ მოირგებს, ვითომ „ბავშვების გასამხიარულებლად“ ???? ბოლოს და ბოლოს, დღევანდელი სტრესული ცხოვრების პირობებში, ყველას გვსურს, საოცნებო სამყარო გვქონდეს, რომელიც ყოველდღიურ პრობლემებს დაგვავიწყებს და უდარდელ ბავშვობაში დაგვაბრუნებს – როდესაც არსებობდა რაღაც, რისიც გვჯეროდა…

მოკლედ, შენი ნებაა, შვილს თოვლის ბაბუისა და სანტა-კლაუსის შესახებ მოუყვები თუ წმინდა ნიკოლოზის ისტორიას უამბობ, როგორ შეიქმნა ლეგენდა თოვლის ბაბუის შესახებ.

წყარო:   www.hotmom  trend

Leave A Reply

Your email address will not be published.