სუს-ი დაკითხვაზე პეტრე ცისკარიშვილს, ირმა ნადირაშვილსა და გიგი წერეთელსაც იბარებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაბარების უწყება „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ რამდენიმე წევრს გაუგზავნა.

აკაკი მინაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის შემდეგ სუს-ი ინტერნეტში გუშინ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხვაზე ამჯერად პეტრე ცისკარიშვილს, გიგი წერეთელსა და ირმა ნადირაშვილს იბარებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შესაბამისი უწყებები პარტიის ოფისში წუხელ მიიტანეს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ის არ ჩაიბარეს.

სუს-ის მიერ გაგზავნილი უწყებების მიხედვით, ცისკარიშვილი, წერეთელი და ნადირაშვილი უწყებაში დღეს უნდა გამოცხადდნენ, თუმცა ისინი საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებენ და გამომძიებლებს მოუწოდებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში თავად მივიდნენ.

„ის, რაც გავრცელდა, არის სრული მონაჩმახი. არის უხეში მონტაჟი. არ ვაპირებთ წინ და უკან სიარულს სუს-ში, იმიტომ რომ ვართ საარჩევნო კამპანიის პროცესში. მობრძანდნენ ოფისში – სამუშაო დღის განმავლობაში ჩვენ მზად ვართ კითხვებზე პასუხი გავცეთ, მათ შორის ისეთ ბოდვაზეც კი, რომელიც გუშინ გავრცელდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირმა ნადირაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო. აღნიშნულ საქმეზე გუშინ დაკითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი – აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური დაიბარეს, თუმცა უწყებაში არც ისინი გამოცხადდნენ.

ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერი გუშინ გავრცელდა. აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

უფრო კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარი სწორია, თუმცა თუ ეს არ გამოვა, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ, რასაც ექს-პრეზიდენტი არ ეთანხმება.

„ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, – აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერის თანახმად და იქვე დასძენს, რომ „რუსთავი მოამწიფებს ამ პიკს“.

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ.

Comments
Loading...