სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ და სპორტული მედიის წარმომადგენლებმა ზაზა ფაჩულიას მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ცენტრის – ზაზა ფაჩულიასთვის NBA-ს „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ მოსახვედრად ხმის მიცემის პროცედურა 16 იანვარს (თბილისის დროით 17 იანვარს, 08:59 საათზე) სრულდება, საბოლოო შედეგები 20 იანვარს გამოქვეყნდება. „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ 19 თებერვალს ნიუ ორლეანში გაიმართება.
“ზაზა ფაჩულია რა თქმა უნდა, გამორჩეული სპორტსმენი და პიროვნებაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანში სიამაყის გრძნობას იწვევს და სამაგალითოა ყველა სპორტსმენისთვის. ზაზამ სწორი არჩევანი გააკეთა და იმედია ეს არჩევანი მას როგორც NBA-ს ჩემპიონობით, ასევე ყველა ვარსკვლავის მატჩში თამაშით დაუფასდება. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი თითო ხმას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ზაზამ წარმოადგინოს საქართველო ამ ძალიან მნიშვნელოვან ფორუმზე” – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
მეორე შუალედური შედეგების შემდეგ დასავლეთის კონფერენციის ცენტრფორვარდებს შორის ზაზა ფაჩულია 823 376 ხმით მეორე ადგილზეა.
ipress.ge