საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმცირესობის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს, სადაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ.
უმცირესობის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ლარი ეცემა და ახალ-ახალ ანტირეკორდს ამყარებს.
მისი თქმით, ამჟამინდელი მთავრობა ეკონომიკური კრიზისის გამო, საქმიანობას ერთი წელიც ვერ გააგრძელებს.
„მინდა გთხოვოთ, რომ აღარანაირი გეგმა, ნაბიჯები, ინიციატივები არ გამოაცხადოთ, რადგან ეს მოქალაქეების ჯიბეზე პირდაპირ აისახება. ღრმად მწამს, რომ თქვენი მთავრობა ოთხ წელს კი არა, ერთ წელსაც ვერ გაძლებს წინ ისეთი კრიზისი გველოდება თქვენი მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის გამო. თუმცა, სანამ ხართ, განცხადებებს მაინც ნუღარ გააკეთებთ, რადგან ძალიან დიდ ზიანს აყენებთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს. ამიტომ, ჩემი კითხვა არის ძალიან მარტივი – ლარის რა კურსზე დატოვებთ თანამდებობას, როგორც ფინანსთა მინისტრი?”, – მიმართა ჭიაბერაშვილმა ქუმსიშვილს.
თავის მხრივ, ეკონომიკურ პარამეტრებზე ყურადღება „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა რომან გოცირიძემაც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მეორე ე.წ. საოცარი ოთხწლედის პირველი წელიწადი საშინელი სურათით იწყება.
დეპუტატი დაინტერესდა, რა მოხდება, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 1,3 მილიარდი ლარით არ გაზარდონ.
„თქვენ ასაბუთებთ, რომ უნდა დააფინანსოთ რაღაც პროგრამები, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურა გიყვართ. ხალხს ეუბნებით, რომ 50 გვირაბი, რომლის დაფინანსებასაც აპირებთ, სწორედ მათი ამოღებული ფულითაა დაფინანსებული? შესთავაზეთ ალტერნატივა – რომელი გირჩევნიათ, სტაბილური ლარი და შესაძლებლობა, რომ დაიწყოს ეკონომიკური ზრდა, თუ უამრავი პროექტი, რომელიც ჩადებულია ბიუჯეტში?!“, – მიმართა ქუმსიშვილს ჭიაბერაშვილმა.