ჭიაბერაშვილი: თუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სისტემურად არ გამოსწორდა, თანხის დამატება 2017 წელსაც დასჭირდებათ

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 2016 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს 80-90 მლნ ლარის დამატება რომ დასჭირდებოდა, ეს წლის დასაწყისში იყო ცნობილი.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ხარჯების მუდმივი დაკლება და დეფიციტი, ამ პრობლემის მთავარი მაჩვენებელია.

მისი თქმით, სისტემა გაუმართავია და პრაქტიკულად, „ქართული ოცნება” აღიარებს, რომ ხარჯები უნდა „შეაკავონ“.

„2014-2016 წლებში, თანხის დამატება დასჭირდათ და თუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სისტემურად არ გამოსწორდა, თანხის დამატება 2017 წელსაც დასჭირდებათ”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე პროგრამის განხორციელებისთვის დაახლოებით, 40 მილიონია საჭირო, რისი მოძიებაც 2016 წლის ბიუჯეტში რთული იქნება.

Comments
Loading...