ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულთა ადვოკატები გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

ტერორიზმის ბრალდებით შვიდივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 5 საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო.

ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობა მოსამართლემ მოწმეებზე ზეწოლისა და ჩვენებების ფალსიფიცირების თავიდან აცილებით დაასაბუთა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს დაინიშნა.

დაკავებულებს ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადების, ტერორიზმისთვის საჭირო იარაღისა და ასაფეთქებლების შეძენა-შესახვასა და ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი სომხეთ-რუსეთის გაზის ცენტრალური მილსადენის აფეთქებას გეგმავდა.

“ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება დაასაბუთოს მოსამართლემ მამფორიას დაპატიმრება. პირველი, მას ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადებაში ედება ბრალი და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მამფორიამ იცოდა ტერაქტის მომზადების შესახებ. ვინაიდან ეს გახმაურებული საქმეა, საზოგადოების ინტერესი დიდია, ალბათ ვერ აუარა გვერდი მოსამართლემ ამას და გამოიყენა პატიმრობა” – განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

კიდევ ერთი ადვოკატის ნინო მახარაძის თქმით, ვლადიმერ რუხაძის მოსმენაზე განჩინება გაცემული არ ყოფილა.

“საქმეში არის ფარული მოსმენები და შესაძლოა იქ ამოიკითხეს, რამე ვლადიმერ რუხაძის მამხილებელი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განჩინება არ არის ვლადიმერ რუხაძის მოსმენაზე გაცემული. არის საუბარი, რომ თითქოს რომელიღაცა პოლიტიკოსის დაგეგმილია და კატეგორიულად ვაცხადებ, მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია“ – აღნიშნავს მახარაძე

Comments
Loading...