ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ბექა ბექაურის ოჯახის ინფორმაციით, ის ნაცემია

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ბექა ბექაურის ახლობლების ინფორმაციით, ბექაური ნაცემია. თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ბექაურმა დაკავებისას გაქცევა სცადა, რა დროსაც მიიღო დაზიანებები.

ოჯახის წევრების თქმით, სუს-ის მიერ დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა – ბექა ბექაურმა ბრალი აღიარა.

„რა თქმა უნდა, ყველაფერი თავის თავზე აიღო. როგორ გავამართლებ, თუ დამნაშავეა დაისაჯოს, მაგრამ მანამდე დარჩება? ამას როგორ ვიფიქრებდი, რომ თუნდაც დაკავების ან აღიარების დროს ბავშვს ასეთ დღეში ჩააგდებდნენ“, – განაცხადა ბექაურის დედამ მზიანა სუბელიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

ბრალდების მხარე დაკავებულთა პატიმრობას ითხოვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქება იგეგმებოდა. როგორც დღეს, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა, დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა ამ ქვეყნიდან, ჯერჯერობით დაუდგენელია.

Comments
Loading...