საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ კომპანია “გაზპრომთან“ მოლაპარაკებების პროცესში გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილებაა მიღებული, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, უმრავლესობას ამ საკითხზე ინფორმაცია აქვს იმ დოზით, რა დოზითაც მათთვის იყო ხელმისაწვდომი.
“ვთვლი, რომ მიღებულია გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილება. სხვა რასაც ვისმენთ – მცდელობა იმისა, რომ საკითხმა პოლიტიკური ელფერი შეიძინოს, ვფიქრობ, ნაკლებად საინტერესოა. რაც შეხება პრეზიდენტის მოწოდებას, ის პარლამენტში მოხსენებით გამოვა, საკითხს დააყენებს და შეიძლება საზოგადოება დამატებითი დისკუსიის მომსწრე გახდეს”, – განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) კომპანია „გაზპრომთან“ დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს. გასაიდუმლოებული დოკუმენტების საზოგადოებისთვის წარდგენის მოთხოვნით, საია-ს წარმომადგენლებმა დღეს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართეს.
საია-ს გარდა, „გაზპრომთან“ დაკავშირებული მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროებას 80 არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს.