თალაკვაძე: უნდა მოხდეს ქალაქებისა და გზების დაფარვა ახალი, „ჭკვიანი“ ვიდეოკამარებით, რომელთა მონტაჟიც უკვე დაწყებულია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის დანერგვით ის მძღოლებიც, რომელთაც ჯარიმების გადახდა ადვილად შეუძლიათ, მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობენ.
თალაკვაძის განმარტებით, შესაძლოა, დაინერგოს ქულების სისტემა, რომლის საშუალებითაც წლის განმავლობაში, ის, ვინც საპატრულო პოლიციის მიერ პირადად დაჯარიმდება, თან დაკარგავს ქულებსაც და პირობითად 100-ქულიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ, მართვის მოწმობის შეჩერება ან შეწყვეტა და გამოცდის თავიდან ჩაბარება მოუწევს.
ამასთან, მისივე თქმით, განიხილება უკონტაქტო პატრულირების დანერგვა, რაც ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული მოდელია.
„ეს სისტემა საგზაო უსაფრთხოებასა და ჩვენს მოქალაქეებს დაიცავს მაშინაც კი, როცა დამრღვევ მძღოლს ჰგონია, რომ საპატრულო ეკიპაჟი ახლო-მახლო არ არის. შესაძლოა, მოხდეს სიჩქარის მოძრავი დეტექტორების გამოყენება. დღეს ასეთი დეტექტორები მხოლოდ სტაციონარულად, ბოძებზე არის დამაგრებული და დამრღვევი მძღოლები ხშირად სიჩქარეს ანელებენ ბოძთან გავლისას. მომავალში შესაძლოა, გადასატანი დეტექტორები იქნას გამოყენებული, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას იქნება განთავსებული. უნდა მოხდეს ქალაქებისა და გზების დაფარვა ახალი, “ჭკვიანი” ვიდეოკამარებით, რომელთა მონტაჟიც უკვე დაწყებულია. ეს ვიდეოკამერები რეაგირებას მოახდენს დარღვევებზე და იქნება ჩართული ოპერატიული მართვის ერთიან ცენტრში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეფორმის ფარგლებში, ახლახან შექმნა. ამ სისტემას საგრძნობი პრევენციული ეფექტი ექნება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში რეფორმის პაკეტის განხილვა საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე იგეგმება.