თამაზ მეჭიაური შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს

წარმოგიდგენთ “გურია ნიუსის” ინტერვიუს თამაზ მეჭიაურთან

“იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჯგუფებად, კასტებად არის დაყოფილი კოალიცია, ცისფერსისხლიანებად, არიელებად, ერთის მხრივ, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ, ყველაფრის უფლება აქვთ და არავის ექვემდებარებიან და მეორე მხრივ, დაბალი რანგის პიროვნებებად, რომლებსაც სიტყვაც რომ შეეშალოთ, შეუძლიათ ცოცხლად დამარხონ”, _ ასეთ განცხადებას აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას.

ვინ ცდილობს კოალიცია “ქართულ ოცნებაში” ძალაუფლების მოპოვებას, რას ფიქრობს კოალიციის დაშლაზე, როგორ აფასებს ის პრემიერის განცხადებას “რესპუბლიკელებისა” და გოგი თოფაძის განცხადებაზე, – ამ და სხვა თემებზე “გურია ნიუსი” თამაზ მეჭიაურს ესაუბრა.

_როგორ შეაფასებთ პრემიერის განცხადებას და ხომ არ იყო ის დაგვიანებული, რადგან გოგი თოფაძესა და “რესპუბლიკელებს” შორის დაპირისპირება კარგა ხანია მიმდინარეობს?

_ფაქტიურად, მეც იგივე განვაცხადე რამდენიმე დღის წინ, რაზეც ახლა ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. სწორად მიმაჩნია პრემიერის შეფასება. მისი განცხადება დაბალანსებულია და აბსოლუტურად ადეკვატურია რეაქცია, იმ მოვლენებზე, რასაც ქვეყანაში აქვს ადგილი.

მეტისმეტად გამოიკვეთა ამ დაპირისპირებაში ის, რომ პარტიული ინეტრესები უფრო წინ არის წამოწეული, ვიდრე ქვეყნის ინტერესები. კოალიცია უპირველესად ქვეყნის ინტერესს უნდა ემსახურებოდეს და არა პარტიის ინტერესს.

_შეურაცხმყოფელად მიიჩნიეთ თინა ხიდაშელის განცხადება გოგი თოფაძეზე, როდესაც მან აღნიშნა, რომ მას არც კი ახსოვდა გოგი თოფაძე იყო თუ არა პარლამენტში…

_ როცა ასეთ განცხადებას აკეთებ რანგით მასთან გათანაბრებულ პიროვნებაზე, კოალიციის შიგნით, ეს არის დამამცირებელი. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჯგუფებად, კასტებად არის დაყოფილი კოალიცია, ცისფერსისხლიანებად, არიელებად, ერთის მხრივ, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ, ყველაფრის უფლება აქვთ და არავის ექვემდებარებიან და მეორე მხრივ, დაბალი რანგის პიროვნებებად, რომლებსაც სიტყვაც რომ შეეშალოთ, შეუძლიათ ცოცხლად დამარხონ. დემოკრატიის ნიშნით ცდილობენ არადემოკრატიულად მართონ კოალიცია, უმცირესობის მართვა მოახდინონ მათი ნების საწინააღმდეგოდ. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ძალების გათანაბრება. ამიტომ თითოეული პიროვნება, კოალიციის თუ პარტიის შიგნით შემავალი, უნდა იყოს თანაბარი თუნდაც დამოკიდებულებაში და თავისი აზრის გამოხატვაში. შემდეგ კოალიციაში შემავალმა სუბიექტებმა იმდენი აიღონ თავის თავზე, რამდენის უფლებასაც რეიტინგი და ხალხის მხარდაჭერა აძლევს და არა სხვა რაიმე უფლებები. პარტიები მათი ძალის ადეკვატური უნდა იყვნენ. მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებმა რაღაც შანტაჟის გზით არ უნდა მართონ უმრავლესობა.

_რას გულისხმობთ შანტაჟში, ვინ ვის აშანტაჟებს?

_ჩვენ თუ დემოკრატია გვინდა, მაშინ ხელისუფლების წყარო ხალხი უნდა იყოს. ყველა პარტია კი იმდენის უფლებით უნდა სარგებლობდეს, რამდენის უფლებასაც მას ხალხი აძლევს და არა მოგონილი სხვადასხვა დამსახურებით; პოლიტიკური ძალების შანტაჟით მიითვისონ ძალაუფლება.

_ ანუ ამბობთ, რომ კოალიციაში ძალაუფლების გადანაწილებისთვის იბრძვიან? თქვენ ახლა ხალხის რას ფიქრობს იმას გვეუბნებით, თუ ნამდვილად ასე ხდება?

_ხალხს არაფერი ეჩვენება. ხალხი სწორად ფიქრობს.

_ ანუ კოალიციის შიგნით რეალურად დაპირისპირებაა?

_მე არაფერს ვამბობ, ამას ხალხი ამბობს.

_რამდენად არის მოსალოდნელი, რომ დაწყებული დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდეს კოალიციის შიგნით?

_ არა მგონია, რომ რაიმე დაიძაბება, პირიქით, პრემიერის განცხადება განმუხტავს სიტუაციას. საერთოდ, მიმაჩნია, თავიდან რომ ავიცილოთ ასეთი დაპირისპირებები ზოგიერთი პოლიტიკური ძალებიდან, ყველამ თვითონ უნდა იყაროს კენჭი. მომავალ პარლამენტში “ქართულ ოცნებას” დიდი წარმომადგენლობით ვიხილავთ და ამას საფრთხე არ ემუქრება. კოალიცია ძირითადად კეთდება იმ შემთხვევაში, როცა პარტიებს არა აქვთ დიდი შანსები იმისა, რომ ისინი დამოუკიდებლად შეძლებენ პარლამენტში მოხვედრას. ამისთვის ერთიანდებიან. ჩვენს შემთხვევაში კი უნდათ, “ქართული ოცნება” რეანიმაციად გამოიყენონ, თავიანთი პარტიების გასაცოცხლებლად

_ამ შემთხვევაში “რესპუბლიკურ პარტიას” გულისხმობთ?

_ მე არავის ვგულისხმობ. ყველამ თვითონ იგულისხმოს თავისი თავი.

_ აღნიშნეთ, რომ ყველა პარტიამ კენჭი თვითონ უნდა იყაროს და არა კოალიციაში გაერთიანებით. კოალიციის დაშლის მომხრე ხართ?

_ ეს ჩემი აზრია. კოალიციაში მერე უნდა გაერთიანდნენ საერთო ინტერესების და იდეის ირგვლივ და არა პარტიული ინტერესებისთვის. კოალიციის მთავარი ინტერესი პარლამენტში მოხვედრა არ უნდა იყოს. დღესდღეობით, “ქართული ოცნების” გარდა, ყველა ერთიანდება ერთი მიზნით, რომ როგორმე პარლამენტში მოხვდნენ.

წყარო: gurianews.com

Comments
Loading...