თამაზ მეჭიაური: ვთვლი, რომ ამერიკის ელჩმა ბოდიშიც უნდა მოიხადოს

აშშ-ის საელჩო გააკრიტიკეს პარლამენტში. უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური თვლის, რომ „რუსთავი 2″-თან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის იან კელის ბოდიში აქვს მოსახდელი:

„თვით ამერიკის ელჩსაც კი არ აქვს უფლება, ასე მკვეთრად ჩაერიოს სუვერენული ქვეყნის საქმეებში. მეგობრობას აქვს ზღვარი. ამის იქით არ უნდა გადავიდეს. არ ვეთანხმები მის განცხადებას და ვთვლი, რომ ბოდიშიც უნდა მოიხადოს”, – განაცხადა მეჭიაურმა.

იან კელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს „რუსთავი 2″-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენების გამო. აშშ-ის საელჩო მოუწოდებს მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები.

ამასთან, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-ის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს, თუ რას ნიშნავს „რუსთავი 2″-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენები”. თეა წულუკიანის ინფორმაციით, სასამართლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში, გუშინ, 18:00 საათზე შევიდა.

„კიდევ ერთხელ მოვითხოვ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განმარტოს, რას ნიშნავს „ღამით მოხდა მოვლენები”. სასამართლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა გუშინ 18:00 საათზე და დღეს დილით, 09:20 საათზე რეგისტრაციაში გატარდა. მინდა, ხელი დამიდონ დოკუმენტზე, რა არის ღამით მომხდარი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.