თარხან გასვიანი – საშუალოდ 1 პირის ანაზღაურება 250 ლარია! როგორ ვირჩინოთ თავი?

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი ქვეყანაშია რსებულ ეკონომიკურ კრიზისს ფეისბუქის მეშვეობით ეხმაურება

“საქართველო, ჩვენი მთავრობის თქმის არ იყოს “განვითარებადი” ქვეყანაა, რომელიც მიიღწვის დასავლეთისკენ და დასავლური ღირებულებებისკენ. ეს ამოცანა დაისახა 2003 წელს და დღესაც, 2017 წელს ყველაზე აქტუალურ თემად/მიზნად რჩება. 14 წელია გვესმის “ევროკავშირი”,”ნატო”,”მაპი”,”მაპზე უკეთესი”,”ევროლიბერალიზაცია” თუ სხვა, გამოდიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ევროპარლამენტარები, კომიტეტების წევრები და გვაიმედებენ რომ დღეს თუ არა ხვალ მოხდება ეს ყველაფერი…მოხდება მოხდება, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ქვეყანა კატასტროფის წინაშეა, საშუალოდ ერთი დასაქმებული პირის ანაზღაურება 250 ლარია, რომელიც მთავრობის თქმით “თავზე უნდა გადაუვიდეს” ამ პერსონას, როდესაც არამცთუ საწვავის და თამბაქოს არამედ სიცოცხლისთვის აუცილებელი პროდუქტების ფასი დღითიდღე მატულობს…როდესმე თუ გაგიგონიათ ან გსმენიათ რომ რაიმე პროდუქტი გაიაფდა? მე პირადად არა.

აგერ აღმოჩნდა რომ 3 მილიონ მოსახლეზე 400 მილიონი მხოლოდ ონლაინ სესხებია გაცემული, წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს? აქ არ ითვლება ბანკის ვალები, ბანკში ჩადებული სახლები, მანქანები და სხვა…მე არ ვიცნობ ოჯახს რომელსაც არ აქვს პრობლემები ბანკთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და მევახშეებთან…

კითხვა ერთი და მარტივია, როგორ ვიცხოვროთ ამ პირობებით? როგორ შევიყვანოთ ბაღში, სკოლაში, ინსტიტუტში შვილი 250 ლარად?

როგორ გამოვიკვებოთ თავი? როგორ ვარჩინოთ ოჯახი? კვლავ სესხი ავიღოთ რომელსაც თავისთავად ვერ დავფარავთ?

გამოვიდნენ დღევანდელი მთავრობის წევრები რომლებმაც “ოცნების” თესლი დაგვითესეს 2012 წელს და რომელსაც ჯერაც არ გამოუღია ნაყოფი, გამოვიდნენ იმის მაგივრად რომ ეკონომიკური კატასტროფა გადაფარონ სხვადასხვა ხერხებით, დაგვისახონ ამ ქვესკნელიდან ამოსასვლელი კონკრეტული გეგმა!” -წერს გასვიანი

——————————————————————————————————————–

საქსტატის მონაცემების მიხედვით, სამომხმარებლო ხარჯებში შედის – სურსათი, სასმელი, თამბაქო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჯანმრთელობა, ტრანსპორტი, გათბობა, ელექტროენერგია, საოჯახო მოხმარების საქონელი და სხვა.
ამ მონაცემებით, 179.8 ლარიდან 66 ლარი გათვალისწინებულია სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე, ტანსაცმელზე 7.6 ლარი იხარჯება, საოჯახო მოხმარების საქონელზე – 8.9 ლარი, ჯანმრთელობაზე 22.4 ლარია გათვალისწინებული, ელექტროენერგიაზე და გათბობაზე კი – 21.6 ლარი, ტრანსპორტზე – 19.9, განათლებაზე – 5.6 ლარი, სხვა დამატებით ხარჯებზე გათვლილია 27.8 ლარი.

აღნიშნული მონაცემები ითვალისწინებს ერთ სულ ადამიანზე საშუალო თვიურ სამომხმარებლო ფულად ხარჯს, თუ მათ შესაბამისად გამოვიანგარიშებთ, ოთხსულიანი ოჯახის შენახვა საქართველოში ყოველთვიურად საშუალოდ 720 ლარამდე დაჯდება. თუმცა, აქ შედის მხოლოდ სამომხმარებლო ხარჯები, რომელშიც იგულისხმება საკვები, სასმელი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა და ა.შ.

Comments
Loading...