“თავდამსხმელმა ავტომატიდან 17 ტყვია ესროლა და 13 ჰქონდა მოხვედრილი“ – გარდაცვლილი გიორგი შარაშენიძის მეგობარი

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც Ambebi.ge-სთან საუბრისას გარდაცვლილი 26 წლის გიორგი შარაშენიძის მეგობარმა განაცხადა, თავდასხმაში სავარაუდოდ, რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

მეგობრიც განცხადებით, გარდაცვლილს 13 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

„ძველი დაპირისპირება რაც ჰქონია, დასრულდა შერიგებით. ეს ამბავი ჩვენთვის წარმოუდგენელია. გიო სახლში ბრუნდებოდა, თავდამსხმელი წინ გადაუდგა. როცა ცეცხლი გაუხსნა, გიომ ეტყობა იფიქრა უკან დავიხევ და გავიქცევიო, მაგრამ მანქანის უკან “მარშუტკა” ჩაუყენეს, იმას დაეჯახა და ვეღარ გაიქცა. თავდამსხმელმა ავტომატიდან 17 ტყვია ესროლა და 13 ჰქონდა მოხვედრილი“, – განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა.

მისი თქმით, გიორგი შარაშენიძემ ორი კვირის წინ ცოლი მოიყვანა და საცხოვრებლად ტურგენევის ქუჩაზე, ნაქირავებში გადავიდა.

ჯავახიშვილის ქუჩაზე გუშინ საღამოს ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, საქმე სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით აღიძრა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

Comments
Loading...