თავდაცვის სამინისტროს გასაიდუმლოებული შესყიდვები

პორტალი “ნეთგაზეთი” საინტერესო სტატიას თავაზობს მკითხველს

514 401 ლარი დახარჯა თავდაცვის სამინისტრომ სოფელ წავკისში სამინისტროს ბალანსზე რიცხული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის გარემონტებაში. სამინისტროში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ არ იციან რა დანიშნულებით იყენებს უწყება ამ სახლს დღეისათვის. სარემონტო სამუშაოების ჩატარება თავდაცვის სამინისტროს შპს “სუპერ-V”-ისთვის აქვს დაკვეთილი.

თავდაცვის სამინისტროს საცხოვრებელი სახლი

დოკუმენტებში, რომლებიც “ბათუმელებს” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიაწოდა, წავკისში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბლანსზე რიცხული საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოებისთვის გაღებულ ხარჯებს ასახავს. ამ დოკუმენტების მიხედვით, ამ სახლის ერთ-ერთ საძინებელში დამონტაჟებული ჭაღის ღირებულება 1470 ლარია. საძინებლისთვის განკუთვნილ საპირფარეშოში ასევე დამონტაჟებულია 2400 ლარის ღირებულების უნიტაზი, რომლის ჩამრეცხი მექანიზმი 450 ლარი ღირს, იქვე დამონტაჟებული ხელსაბანის ფასი კი 1040 ლარია. პირველი და მეორე სართულზე ტუალეტების თერმოიზოლაციისთვის სამინისტროს 2393 ლარი აქვს დახარჯული. საპირფარეშო, ისე როგორც სხვა ფართობები, მოპირკეთებულია ძვირადღირებული ესპანური გრანიტით.

დოკუმენტების მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს საცხოვრებელ სახლს აუზთან ერთად აქვს თონე და საქეიფო ადგილი. თონეს მოსაწყობად სამინისტროს ჯამში 4800-მდე ლარი დაუხარჯია.

დოკუმენტების მიხედვით, საქეიფო ადგილის მოსაწყობად სამინისტროს სერიოზული ძალისხმევა და ფინანსები აქვს გაღებული. ამ მიზნით, ანუ საქეფო ადგილის მოსაწყობად 26 872 ლარია დახარჯული.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საცხოვრებელი სახლის გარემონტებაში, მთლიანობაში, 514 401 ლარი დახარჯა.

თავდაცვის სამინისტროს საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოები ჩატარებული აქს შპს “სუპერ-V”-ს. დაფუძნების ეტაპზე კომპანიას ორი მეწილე ჰყავდა – ალეკო და დავით ბართაიები, ხოლო კომპანიის დირექტორი იყო ვახტანგ ბართაია.

1

ამ კომპანიის მფლობელების მეწილეები შეიცვალა 2012 წლის ნოემბერში – მაშინდელი ცვლილებით ერთადერთი მეწილე და დირექტორი არის ალეკო ბართაია.

თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრს “ბათუმელებმა” ჰკითხა, რა დანიშნულებით იყენებს უწყება წავკისის საცხოვრებელ სახლს. სამინისტროში განაცხადეს, რომ თინათინ ხიდაშელის მინისტრობის დროს ეს სახლი არც ერთხელ არ გამოუყენებიათ და ასევე არ იციან მისი დანიშნულების შესახებ.

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც წავკისში მდებარეობს, საჯარო რეესტრში არ იძებნება.

TRANSMOBILE LTD CORP–ი და მისგან მოწოდებული რუსული იარაღი

თავდაცვის სამინისტროს მიერ პანამის ოფშორულ ზონაში დაარსებულ კომპანია TRANSMOBILE LTD CORP-თან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სამინისტროს ამ კომპანიისგან ჯამში 46 019 400 ევროს ღირებულების იარაღი აქვს შესყიდული. დოკუმენტებით ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტრო გამოყოფილი თანხის მნიშვნელოვან ნაწილს რუსული იარაღის შესაძენად იყენებს. აქედან 11 150 000 ევრო AK-47-შია გადახდილი. ეს რუსული ავტომატი „კალაშნიკოვია“. ერთ ერთეულ ავტომატში 260 ევროა გადახდილი.

ტანკ T-72-ში კი, რომელსაც მოროზოვის ქარხანა უშვებს, თავდაცვის სამინისტროს 3 მილიონი ევრო აქვს გადახდილი. ამ ფასად 10 ცალი ტანკი უყიდიათ.

კომპანია, რომელიც პანამაშია დარეგისტრირებული, თავდაცვის სამინისტროს მიერ იარაღის შესყიდვის ტენდერის გამოცხადებამდე ერთი წლით ადრეა დაფუძნებული. კონკურენტებისგან, ანუ იარაღით მოვაჭრე ცნობილი კომპანიებისგან განსხვავებით, ინტერნეტში ამ კომპანიის ვებგვერდი არ იძებნება.

ამ ხელშეკრულებაში ასევე არსებობს ერთი საყურადღებო დეტალი, თავდაცვის სამინისტრო ოფშორში დაფუძნებულ კომპანია TRANSMOBILE LTD CORP-ს თანხას შუამავალი პირის – საქართველოში დაფუძნებული კომპანია „ლეგიონის“ გავლით ურიცხავს. „ბათუმელების“ ხელთ არსებული ხელშეკრულებების მიხედვით, „ლეგიონს“ მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს – თანხის ტრანზიტი: ერთ-ერთ ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს წინასწარი ანგარიშსწორება 2 500 000 ევროს ფარგლებში გამყიდველის მიერ შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ – იგულისხმება შპს „ლეგიონის“ საბანკო ანგარიში.

TRANSMOBILE LTD CORP-ის შესახებ ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია, რადგან ეს კომპანია ოფშორშია დარეგისტრირებული. შპს „ლეგიონის“ ძირითადი მეწილეები კი, საჯარო რეესტრის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეები არიან.

კომპანიას, რომელიც დაფუძნდა 2010 წელს, დაფუძნების ეტაპზე ერთი მფლობელი ჰყავდა – შპს „ლეგიონის“ წილების 100-ვე პროცენტს საქართველოს მოქალაქე მერაბ მეტრეველი ფლობდა. 2012 წლის 24 სექტემბრიდან შპს „ლეგიონის“ წილის 66%-ის მფლობელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები – ზაზა კაკუბავა და ეკატერინა უნგაროვა ხდებიან.

განსაიდუმლოებული ხელშეკრულებები

ზემოთ მოცემული ორივე ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2012 წლის არჩევნებამდე აქვს გაფორმებული. მაშინ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალია იყო, ხოლო დოკუმენტებს გრიფი – „საიდუმლო“ ედო.

მოქმედმა ხელისუფლებამ, ზემოთ მოცემული ხელშეკრულებების მსგავსად კიდევ არაერთ სხვა ხელშეკრულებას მოხსნა გრიფი – „საიდუმლოა“. თუმცა, უცნობია, რა პრინციპით იხელმძღვანელა მან, როცა, ერთი მხრივ, იარაღის შესყიდვის დოკუმენტები გაასაჯაროვა, ხოლო მეორე მხრივ – საცხოვრებელი სახლის რემონტის. ასევე გაუგებარია, რა შემთხვევაში იყენებენ საიდუმლო შესყიდვის უფლებას, რადგან ეს საკითხი კანონმდებლობით დარეგულირებული არც წინა ხელისუფლების დროს ყოფილა და ვერც მოქმედმა ხელისუფლებამ მოახერხა ამ პრობლემის მოგვარება. არადა, თითქოს უკვე ორი წელია ცდილობს ხელისუფლება განსაზღვროს „სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესი“.

პროცესი უნდა დაძრულიყო პრეზიდენტის 2014 წლის 11 აპრილის ბრძანებულებით, რომელიც ამ საკითხზე მომუშავე კომისიის შექმნას ითვალისწინებდა, მაგრამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისათვის ახლახან ცნობილი გახდა, რომ 2015 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით, „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვის წესი შემუშავების პროცესშია. დოკუმენტი „უახლოეს მომავალში~ საქართველოს მთავრობას წარედგინება“.

საიდუმლო შესყიდვების პოლიტიკის უქონლობა და კორუფციული გარიგების რისკი

შვიდ ადმინისტრაციულ ორგანოს [სხვადასხვა სამინისტროები] საიდუმლო შესყიდვის მუხლით 2010-2015 წლებში 747 407 518 ლარის ღირებულების 2 752 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ამ ოდენობის საიდუმლო შესყიდვებს საია უწოდებს „დიდ ციფრს“ იმ ფონზე, „როდესაც სახელმწიფოში არ არსებობს საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების რეგულაცია“.

საია თავის კვლევაში, რომელიც 2015 წლის ბოლოს გამოაქვეყნა, ასევე წერს, „რომ 2010-2012 წლებში საიდუმლო შესყიდვების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა“, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ეს ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალა. ამის მიუხედავად, საიას მიაჩნია, რომ შესაბამისი რეგულაციების არარსებობის გამო, „საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების პროცესში შესაძლო კორუფციული გარიგებების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. უფრო მეტიც, სერიოზულად რთულდება შესაძლო კორუფციული გარიგებების დადასტურების შესაძლებლობაც კი“.

საია განიხილავს როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების პირობებში საიდუმლო შესყიდვების გზით დახარჯულ თანხებს თავდაცვის სამინისტროს მაგალითზე. მონაცემები ასე გამოიყურება:

2010 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების მუხლით 651 338 152 ლარის ღირებულების 2064 საიდუმლო ხელშეკრულება გააფორმა. გამოდის, რომ 2010-2015 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საშუალოდ, დღეში ერთ საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას აფორმებდა.

ეს ციფრი კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება, თუ ამ მონაცემებს 2010-2012 წლების მიხედვით გადავიანგარიშებთ. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2010-2012 წლებში სამინისტრომ ჯამში 1558 ხელშეკრულება გააფორმა საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების მუხლით, რაც მთელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების 75,5%-ს შეადგენს. ხელშეკრულებების აღნიშნული რაოდენობა აჩვენებს, რომ თავდაცვის სამინისტრო, საშუალოდ, დღეში 1,42 ხელშეკრულებას აფორმებდა საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით.

კიდევ ერთი სტატისტიკის მიხედვით, 2010 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ჯამში 651 338 152 ლარის ღირებულების საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა. გამოდის, რომ 2010 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის პირველ სექტემბრამდე თავდაცვის სამინისტრო დღეში, საშუალოდ, 314 656 ლარის ღირებულების ხელშეკრულებას აფორმებდა საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების მუხლით.

ეს ციფრი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება, თუკი გაანგარიშებას 2010-2012 წლებზე გავაკეთებთ. ამ წლების მონაცემებით, თავდაცვის სამინისტრო დღეში, საშუალოდ, 495 150 ლარის ღირებულების ხელშეკრულებას აფორმებდა, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების მუხლით.

1

ეს ციფრები მცირდება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაგრამ არა იმდენად, რომ მაღალი კორუფციული რისკები გამოირიცხოს. ასე, მაგალითად, 2013 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის პირველ სექტემბრამდე მონაცემებით, თავდაცვის სამინისტრო დღეში საშუალოდ 0,5 ხელშეკრულებას აფორმებდა საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების მუხლით.

რაც შეეხება თანხას, 2013 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში თავდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად 111,554 ლარის ღირებულების ხელშეკრულებას აფორმებდა, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების მუხლით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს, სულხან სალაძეს (კვლევა სწორედ მას აქვს ჩატარებული) მიაჩნია, რომ საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების აღნიშნული რაოდენობა, შესყიდვის რეგულირების არარსებობის პირობებში, მაღალ კორუფციულ რისკების შეიცვას და „სერიოზულ კითხვებს აჩენს კონკრეტული სახელმწიფო შესყიდვის საიდუმლოდ მიჩნევის მიზანშეწონილობის კუთხით“.

წყარო: netgazeti.ge

Comments
Loading...