„თავის დროზე კონსულტაციები გვქონდა – ივანიშვილი -პრემიერად, ბურჭულაძე-საპრეზიდენტო კანდიდატად“

„მე და პაატა ვცდილობთ, პაატა დარჩეს აპოლიტიკური. მას არ აქვს სურვილი, პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს და ეს ჩემთვის გასაგებია“, – განაცხადა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილმა და იმ პერიოდში მისთვის შეუცვლელ – გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

დღეს კი პაატა ბურჭულაძესთან პოლიტიკა „თავად მივიდა“ და მისმა მოულოდნელმა არჩევანმა საფიქრალი გაუჩინა როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას. მედიაში კითხვები მრავლადაა, ხომ არ არის პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის პროექტი? ან კიდევ, მსოფლიო ბანის პოლიტიკაში გამოჩენამ საძირკველი ხომ არ შეურყია „ქართულ ოცნებას“?

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე პაატა ბურჭულაძის ხელისუფლებაში მოსვლას საეჭვოდ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ბურჭულაძე ივანიშვილს ვერ ჩაანაცვლებს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი აცხადებს, რომ სახელს -პაატა ბურჭულაძე, შეუძლია ფინანსების გარკვეული დონის აკუმულირება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ბურჭულაძის გარშემო სრული კოლაფსია და ის პიროვნებები, რომლებიც ამ ახალი პოლიტიკური პროექტის დიდ კონსტრუქციად უნდა იქცნენ, ვერ ტოვებენ საზოგადოებაში დიდ ენთუზიაზმს.

პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მსოფლიო ბანს უწინასწარმეტყველებს, რომ პოლიტიკაში მოსვლა პაატა ბურჭულაძეს მიწასთან გაასწორებს. მისი აზრით, საქართველოში ერთი პიროვნება მაინც უნდა დარჩეს, რომელმაც ქველმოქმედება გააკეთა ქველმოქმედებისთვის და, სამაგიეროდ, პოლიტიკური აღიარება არ მოითხოვა, ვინაიდან, არ ჩანს ისეთი ადამიანი, რომელმაც ტაძარი ააშენა და შემდეგ პოლიტიკოსობა, დეპუტატობა, ან პრეზიდენტობა არ მოითხოვა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ერთადერთი, ვისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს ბურჭულაძე, ეს „ქართული ოცნებაა“. მსოფლიო ბანი ვერ გადაიბირებს ვერც „ნაციონალების“ და ვერც ნინო ბურჯანაძის მომხრეებს, შესაბამისად, მისი ბაზა არის „ქართული ოცნების“ ელექტორატი და უფრო მნიშვნელოვანია ის ელექტორატი, რომელიც დაკარგა „ქართულმა ოცნებამ“.

დიდი ხანია, პაატა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეულ როლს თამაშობდა. ის წარმატებული იყო თავის პროფესიაში, ქველმოქმედებას ეწეოდა თავისი ფონდის მეშვეობით, ინტეგრირებული იყო ამ პროცესში და მისი ავტორიტეტის ექსპლუატაცია ხდებოდა. მეტსაც გეტყვით, ჩვენ როდესაც ვიწყებდით საარჩევნო პროცესს, გარკვეული კონსულტაციები გვქონდა მასთან, რომ მასაც მონაწილეობა მიეღო ჩვენთან ერთად ამ პროცესში. ის, რომ პაატა ბურჭულაძე ხელოვანია, გასაგებია, გარკვეული სკეპტიციზმი იყოს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ის არ არის მარტო ხელოვანი. ის ჩართული იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. რაც შეეხება მის პერსპექტივებს, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ ის დღეს შევიდა კონკურენციაში პირადად ბიძინა ივანიშვილთან, რადგან ის ველი, რაც პაატა ბურჭულაძემ აირჩია, პირველ ეტაპზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ველი – საზოგადოებრივი აქტიობა, ანალოგიურად გაცხადებული ამოცანები, ანუ ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი პროექტი „2030“, აქვს საზოგადოება „მოქალაქე“, პაატამ კი ამის ალტერნატიული გზა წარმოადგინა. შესაბამისად, ის უკვე არის პოლიტიკაში და, პარტიას დააფუძნებს თუ არა, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. ბურჭულაძის ძირითადი გზავნილები აშკარად კონფლიქტში შედის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებთან. ის უფრო ალტერნატივად წარმოადგენს თავს, ვიდრე პარტნიორად.

ყველაფერი მომავლის საკითხია იმიტომ, რომ ერთია, განაცხადი და მეორეა, რეალური ქმედებები. პაატა ბურჭულაძემ კიდევ უნდა გაიაროს ქართულ საკმაოდ აგრესიულ და სახიფათო საცერში, რასაც ჰქვია გადარჩენისთვის ბრძოლა ქართულ პოლიტიკაში. ახლა დაიწყება შეტევა მასზე. ვნახოთ, როგორ გაივლის ამ პერიოდს და იმის მიხედვით ვიმსჯელოთ. ყველას აქვს შანსი და, თუ ვინმეს აქვს ამის უფლება, პაატა ბურჭულაძესაც შეიძლება ჰქონდეს ამბიცია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში გააქტიურდეს და უფრო მეტი გავლენა მოიპოვოს.

ჯერ კიდევ 2012 წლის საარჩევნო პროცესში პრეზიდენტობის კანდიდატობაზე გვქონდა კონსულტაციები პაატა ბურჭულაძესთან, რომ ტანდემი შექმნილიყო – ბიძინა ივანიშვილი – პრემიერ-მინისტრად და პაატა ბურჭულაძე – საპრეზიდენტო კანდიდატად. მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ ამ საუბრების და ეს არც არის დასამალი. აჯობებდა თუ არა მარგველაშვილს, არა მგონია, დღევანდელი კონსტიტუციით, რასაც წარმოადგენს პრეზიდენტი, პაატა ბურჭულაძე მარგველაშვილზე უკეთესი კანდიდატი ყოფილიყო. თუმცა, იმ პერიოდში ბურჭულაძეს შეეძლო, თავისი სინერგია მიეცა რეჟიმთან ბრძოლის პროცესისთვის.
არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ფაქტია, საბოლოო ჯამში, არ შედგა ეს ალიანსი. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა.

რაც შეეხება რუსეთთან მის კავშირს, ცნობილი ტექნოლოგიაა საქართველოში, ნებისმიერ ახალ ძალას უნდა დაბრალდეს რუსეთთან ურთიერთობა. როგორ გაუძლებს ამ ყველაფერს მსოფლიო ბანი, არ ვიცით. მე ვფიქრობ, ტექნოლოგიურად სწორად მოიქცა პაატა ბურჭულაძე, როდესაც გვერდში დაიყენა ადამიანები, რომელთა ბრალდებაც პრორუსულობაში რთული იქნება, ანუ გარკვეული ბუფერი შექმნა, რომ ამ საკითხის მაღალ ტემპერატურამდე აწევა არ მომხდარიყო. გვესმის ცალკეული განცხადებები, რაზეც ვიღაც შეეცადა, აეგო რაღაც თეორია, მაგრამ მე ვურჩევ პაატა ბურჭულაძეს, მაინცდამაინც თავის მართლებას ნუ დაიწყებს ყველაფერზე, როგორც ამ ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებით მოხდა და მან რატომღაც გადაწყვიტა, თავი ემართლებინა. არაფერში არ სჭირდება თავის მართლება. მას სრული უფლება აქვს, თავისი აზრი ჰქონდეს იმავე 2008 წლის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გადანაწილების შესახებ. არ უნდა ჩადგეს თავდაცვის რეაქციაში.
ხოლო მის საპატრიარქოსთან კავშირზე შემიძლია ვთქვა რომ, პაატა ბურჭულაძე ყოველთვის პოზიციონირებდა, როგორც მორწმუნე, საპატრიარქოსთან ინტენსიური ურთიერთობის მქონე საზოგადო მოღვაწე. პრინციპში, მას არ შეუცვლია ეს ურთიერთობა და ვერ ვიტყვით, რომ ის ამას აკეთებს პოლიტიკის გამო და ახლა სპეკულირებს საპატრიარქოს თემებით. მეორე მხრივ, ზედმეტი ექსპლუატაცია ამ თემის, არა მგონია, რომელიმე პოლიტიკოსისთვის მაინც და მაინც მომგებიანი იყოს. რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ფაქტორი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი, თუკი სწორად და ჯანსაღად განვითარდება მოვლენები.

Leave A Reply

Your email address will not be published.