“თავისუფალი საქართველო” მოუწოდებს პრემიერს აღადგინოს ირანთან ურთიერთობები

17 დეკემბერს, 12:00 საათზე ქ. თბილისში ბორჯომის ქუჩა 2-ში
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში გაიმართება ბრიფინგი.

“თავისუფალი საქართველო” შეშფოთებას გამოთქვამს იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ კვლავინდებურად გადაიდო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ირანში.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ირან-საქართველო ურთიერთობებს უდიდესი სავაჭრო, ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი აქვს, თუმცა ახალი ხელისუფლების არჩევისთანავე დაიწყო ამ ურთიერთობების მიზანმიმართული რღვევა: გაუქმდა უვიზო რეჟიმი, დაწესდა სანქციები ირანული კომპანიებისთვის, გაუქმდა პირდაპირი ავია-რეისი, დაიბლოკა მილიარდიანი ერთობლივი პროექტები, რასაც თან დაერთო მთავრობის წევრების ქსენოფობიური განცხადებები.

ბოლო პერიოდში შეინიშნებოდა გარკვეული პროგრესი ურთიერთობებში, პარლამენტის თავმჯდომარის თეირანში ვიზიტის შემდეგ. დაიგეგმა პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც და გაჩნდა ურთიერთობების განვითარების პერსპექტივა.

სამწუხაროდ როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, სავარაუდოდ მესამე სახელმწიფოების გარე ზეწოლის გამო გადაიდო პრემიერის ვიზიტი თეირანში, რაც პრაქტიკულად ირანის ეკონომიკურ მიმართულებას კვლავინდებურად გამოუყენებელს ტოვებს და მრავალმილიარდიან ზარალს აყენებს ჩვენს ქვეყანას. პარალელურად ჩვენ ვხედავთ რომ პრაქტიკულად ყოველდღიურად ირანში ჩადიან სხვადასხვა ევროპელი ლიდერები და ცდილობენ თავის სასარგებლოდ გამოიყენონ ამ უმდიდრესი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი.

განსაკუთრებით სამწუხაროა საქართველოს მთავრობის ეს დამოკიდებულება იმ ფონზე, როცა ირანი პრაქტიკულად ერთადერთი მეზობელია, რომელიც ღიადაც და ფარულადაც სრულად მხარს უჭერს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე.”

Leave A Reply

Your email address will not be published.