„თავისუფალმა დემოკრატებმა“ აქცია გამართეს და დავით ნარმანიას „საჩუქრად“ ნაგვით სავსე ყუთი მიუტანეს

„ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამირან გიგუაშვილმა, გლდანის მოსახლეობასთან ერთად, თბილისის მერიის წინ, აქცია სახელწოდებით -„საჩუქარი თბილისის მერს” გამართა.

აქციის მიზეზი გლდანის მერვე მიკრორაიონის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში გადაუჭრელი ნაგავსაყრელის პრობლემა იყო.

როგორც აქციის მონაწილეებმა განმარტეს, აღნიშნული ტბის მიმდებარე ტერიტორია, როგორც სამშენებლო მასალების, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენების თავმოყრის ადგილად გამოიყებება.

ამირან გიგუაშვილმა ახალგაზრდებთან ერთად, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გამართა, რის შემდეგაც, ნაგვის ნარჩენები სიმბოლურად, ქაღალდის ყუთში მოათავსა, რომელიც გარედან ნაგავსაყრელზე გადაღებული ფოტოებითაა დასურათებული.

ნაგვით სავსე ყუთი გიგუაშვილმა თბილისის მერიასთან, დედაქალაქის მერისთვის გადაცემის მიზნით მიიტანა.

„დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, გლდანში, პატარა ტბის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გვქონდა. წლების განმავლობაში, მოსახლეობა ამ ტერიტორიის ნაგვისგან გაწმენდას ითხოვს, მაგრამ გლდანს პატრონი არ გამოუჩნდა. ეს არის ანიტისანიტარიისა და ქვეწარმავლების ბუდე. ჩვენი შვილების ჯანმრთელობა ყოველდღიურად არის რეალური საფრთხის წინაშე. ახალგაზრდების ინიციატივა იყო, რომ დასუფთავების აქციის შემდეგ, სიმბოლურად ამ მუყაოს ყუთით წამოგვეღო პლასტიკატის ნარჩენები თბილისის მერისთვის, რათა იქნებ ახლა მაინც მიაქციოს ამ პრობლემას ყურადღება“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიაში დავით ნარმანიასთვის გადასაცემი სიმბოლური „საჩუქარი“ არ ჩაიბარეს და აქციის მონაწილეებს განუცხადეს, პროტესტი სხვა ფორმით დააფიქსირონ.

Comments
Loading...