თბილისი-რუსთავის გზის რეკონსტრუქციის ფარგლებში, 56 ადამიანი სავარაუდოდ სამუშაო ადგილს დაკარგავს

თბილისი-რუსთავის გზის რეკონსტრუქციის ფარგლებში 56 ადამიანი სამუშაო ადგილს კარგავს.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმაშია ნათქვამი, თბილისი – რუსთავი – წითელი ხიდის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,სეზა ინშაათი“ ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს არსებული 17,1 კმ. სიგრძის, ორზოლიანი გზის „I კატეგორიის“ ჩქაროსნულ 4 ზოლიან ავტომაგისტრალად გადაკეთებას. გზის 6.8 კილომეტრიანი მონაკვეთი გადის საცხოვრებელ სახლებსა და ინდუსტრიულ ზონებზე.

როგორც მუნიციპალური ფონდიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით ირკვევა, მუდმივი ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ბიზნესები მოიცავს პოლიეთილენის პარკების, წებოს, სამშენებლო ბლოკების მწარმოებლებს.

კომპენსაცია ბიზნესის დანაკარგებისათვის შეფასდა 271,126.56 ლარად. მათგან ყველაზე დიდ თანხას – ჯამში 208 ათას 672 ლარს წებოს სამი საწარმო მიიღებს.
ბიზნესების მფლობელების ინფორმაციით, პროექტის გამო 56 თანამშრომელი დაკარგავს სამუშაო ადგილს. სამსახურის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებზე გაიცემა კომპენსაცია, რომელიც უტოლდება 3 თვის საარსებო მინიმუმს, თვეში 300 ლარის ოდენობით, რაც საერთო ჯამში, 54,096.00 ლარს შეადგენს.
გზის მშენებლობის პროცესში გასაცემი კომპენსაციების საერთო რაოდენობა კი 12 მილიონ ლარს აჭარბებს.

Comments
Loading...