თბილისის ეროვნული პარკის დირექტორის მანქანაში ხელყუმბარები იპოვეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორის სამსახურებრივ მანქანაში ხელყუმბარები და იარაღის მჭიდი იპოვეს. როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა შურისძიება გადაწყვიტეს. „სამწუხაროდ, დღეს ჩვენ საუბარი გვიწევს იმ ფაქტზე, რომელიც გამოვლინდა 27 დეკემბერს თბილისის ეროვნული პარკის დირექტორის ლევან კაპანაძის სამსახურის ავტომანქანაში. მის მიერვე აღმოჩენილ იქნა ორი ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი 30 ვაზნით. როგორც ჩანს, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ შური იძიონ იმ საქმიანობაზე, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ზოგადად და უშუალოდ და პირადად ლევანი ახორციელებს თბილისის ეროვნულ პარკში“, – განაცხადა აგულაშვილმა. ამასთან, აგულაშვილის თქმით, ეს პირველი ფაქტი არ არის. „სამწუხაროა, რომ ეს პირველი ფაქტი არ არის. ჯერ კიდევ გაზაფხულზე მოხდა ლაგოდეხის რაიონში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციის დირექტორის მანქანაში აღმოჩენილი იქნა ხელყუმბარა წარწერით – „გაფრთხილებ, წადი“. მინდა, გავაფრთხილო თითოეული ასეთი ადამიანი, გინდა თანამშრომელი იყოს და გინდა სხვა, არ აქვს მნიშვნელობა. ის სტრატეგია, რომელიც გვაქვს ჩვენ წესრიგის აღდგენაზე, კანონიერების დაცვაზე, უკანონო ხე- ტყის ჭრის წინააღმდეგ ბრძოლაზე, უკანონო ნადირობის წინააღმდეგ ბრძოლაზე გაგრძელდება და უნდა გავაფრთხილო ის ადამიანები, ვინც ასეთი განზრახვით მოქმედებს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს და ჩვენი თანამშრომლების, კანონმორჩილი თანამშრომლების საქმიანობა დაცული იქნას“, – განაცხადა აგულაშვილმა. აგულაშვილის ინფორმაციით, მან უკვე მიაწოდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრს და დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარ პროკურორსაც მიმართავს. „მე ველაპარაკე შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელმაც აღმითქვა სრული დახმარება. მე, ასევე, დავუკავშირდები მთავარ პროკურორსაც და ამ ადამიანებთან ერთად ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ აღნიშნული დანაშაული გახსნილი იქნას“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.