თბილისის მერია ელიტა ბურჯს სპორტული კომპლექსის განახლებისთვის 3,5 მილიონზე მეტს უხდის

თბილისის მერია შპს ელიტა ბურჯს სპორტული კომპლექსის განახლებისთვის 3 727 642 ლარს უხდის. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსინფორმაციით, ელიტა ბურჯი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, მილიარდერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა.

ელიტა ბურჯთან ხელშეკრულება 2016 წლის 7 ოქტომბერს დაიდო, 330 020 ლარი კი ავანსის სახით 2016 წლის 22 დეკემბერს გადაირიცხა. ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის ზღვის უბანში (თემქა), სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციის შემდეგ, ორი გადახურული აუზი იქნება და შეიცვლება ავეჯი. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სპორტულ კომპლექსში კრივის არენა და საჭიდაო მოედანიც უნდა მოეწყოს, თუმცა, ხელშეკრულებაში ამის შესახებ არ წერია.

მათივე ინფიორმაციით, დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კომპლექსში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერია.

გამარჯვებული კომპანია ტენდერის საშუალებით გამოვლინდა. ელიტა ბურჯმა თბილისის მერიას მომსახურების გაწევა კონკურენტებზე 150 ათასი ლარით ნაკლებად შესთავაზა. ხელშეკრულების მიხედვით, მას სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრებისთვის ვადა ივლისამდე აქვს.

on.ge

Comments
Loading...