თბილისის მერიამ “სითი პარკთან” დაკავშირებული დოკუმენტაცია პროკურატურას გადაუგზავნა


თბილისის მერიამ “სითი პარკთან” დაკავშირებული დოკუმენტაცია პროკურატურას გადაუგზავნა, – ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს.
“ორი დღის წინ სქელტანიანი დოკუმენტაცია გავგზავნე საქართველოს მთავარ პროკურატურაში, სადაც ჩვენი აზრით, “სითი პარკის” სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. მათი საქმიანობის და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების კვლევაც დავასრულეთ და მის დამფუძნებლებს შევთავაზეთ გონივრული ცვლილებები “სითი პარკთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაში. ველოდებით, რომ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ჩამოვლენ და თანხმობას განაცხადებენ ამაზე. მრავალსართულიან პარკინგებს დავპირდით ქალაქს და ამასთან დაკავშირებითაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია. ამ კვლევაზე დაყრდნობით რამდენიმე ადგილზე გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, რომ დაინტერესებულმა კომპანიებმა ააშენონ მრავალსართულიანი პარკინგები”, – აცხადებს დავით ნარმანია.
მისი განმარტებით, მერიას შესწავლილი აქვს “აუთდორჯის” საქმიანობაც.
“მომზადებული გვაქვს წესი საკრებულოში წარსადგენად, რომლის მიხედვითაც, არავის არ უნდა ჰქონდეს ქალაქში რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება. “აუთდორჯის” დარჩება მხოლოდ მის მფლობელობაში არსებული სარეკლამო სივრცეები, მაგრამ ნებართვის გამცემი ეს კომპანია ვერ იქნება. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს თავისუფალი კონკურენციის პრინციპების გათვალისწინებით”, – განმარტავს თბილისის მერი.

Leave A Reply

Your email address will not be published.