თბილისში 14 მგზავრზე 1 ტაქსი მოდის

არაოფიციალური სტატისტიკით, დედაქალაქში ყოველ 14 მგზავრზე 1 ტაქსი მოდის. ეს საკმაოდ უცნაური მაჩვენებელია. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, ამგვარი კონკურენციის გამო “ტაქსისტების” შემოსავალი თვალსა და ხელს შუა მცირდება.

სატრანსპორტო მომსახურებაზე მოთხოვნა სულ უფრო მცირდება. მძღოლების ნაწილი ამას ტაქსების სიჭარბეს უკავშირებს, ნაწილი კი – მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას. მიუხედავად იმისა, რომ საწვავი გაიაფდა, მძღოლების ხარჯი თითქმის არ შემცირებულა, თუმცა შემოსავალმა აშკარად იკლო.

ზოგიერთ მათგანს დღეში, საშუალოდ, 15-18 ლარის მოგება რჩება, რაც ამ ადამიანების მთელი დღის შრომის საფასურია. ასეთია რეალობა, რომელშიც თბილისში ტაქსის მძღოლებს უწევთ მუშაობა.

დედაქალაქის მასშტაბით ყოველდღიურად 700 000 ადამიანი მგზავრობს. ამ დროს ქალაქში 50 000-მდე ტაქსზე 14 მგზავრი მოდის, რაც ძალიან ცოტაა. მათ უმეტესობას სატაქსო მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდება, შესაბამისად, ტაქსები ხშირად ცარიელი დადიან.

ლარის დევალვაციამ მოსახლეობას დიდი პრობლემა შეუქმნა, მათი ხარჯების შეკვეცა დაიწყო. ამასობაში დედაქალაქის მასშტაბით ტაქსების რაოდენობა სულ უფრო მატულობს. კონკურენცია მძაფრდება, შემოსავალი კი იკლებს. კერძო ტაქსებს პრობლემას ისიც უქმნის, რომ ბოლო დროს ბევრი სატაქსო კომპანია შეიქმნა, ზოგი შეღავათიანი ტარიფით. ადგილობრივ მძღოლებს კონკურენციას რეგიონებიდან ჩამოსულებიც უწევენ, რამაც დედაქალაქის მასშტაბით ტაქსების სიჭარბე გამოიწვია.

ახალბედა და გამოცდილი “ტაქსისტები” ერთნაირად ჩივიან არსებულ პრობლემაზე. ისინი ამბობენ, რომ ზოგჯერ დღის განმავლობაში ლუკმაპურის ფულსაც ვერ შოულობენ.

თბილისელი ვასო კბილაშვილი 10 წელზე მეტია, ოჯახს ტაქსის მეშვეობით არჩენს. ამბობს, რომ ასეთი მძიმე პერიოდი მის საქმიანობაში არ ყოფილა, რის მიზეზადაც მძღოლი კონკურენტების სიმრავლეს მიიჩნევს. ხანდახან მთელი დღის განმავლობაში 3 კლიენტის მომსახურებასაც ვერ ახერხებს.

“მუშაობა ჯოჯოხეთად გვექცა, თავს არ ვზოგავ, სამუშაოდ სისხამ დილით გამოვდივარ და სახლში ლამის ცარიელი ჯიბით ვბრუნდები. ყოველდღიური შრომით პურის ფულს ძლივს ვშოულობ, როცა ოჯახს უამრავი ხარჯი აქვს. არ ვიცი, რა გზას მივმართო, შემოსავალი გამინახვერდა.

ადრე დღეში 7-8 კლიენტი მაინც მყავდა, ესეც იმ შემთხვევაში, როცა სამუშაოდ რამდენიე საათით გამოვდიოდი. ახლა ზოგჯერ დღე ისე გავა, რომ 4 კლიენტის მომსახურებასაც ვერ ვახერხებ. “ტაქსაობა” თბილისში წამგებიან საქმედ იქცა, მგზავრი არ იქნება იმდენი, რამდენიც ტაქსია. სამწუხაროდ, ვერც სხვა საქმეს მოვკიდე ხელი”, – ამბობს ვასო კბილაშვილი.

თბილისში მცხოვრები დევნილი ზვიად გაბისკირია ტაქსით მომსახურების სიძნელეზე საუბრობს. მისი თქმით, ახალი კომპანიების

მომრავლებამ კერძო ტაქსისტების საქმიანობა უპერსპექტივო გახადა.

rezonansi.ge

Comments
Loading...