თბილისში ახალი მეტროსადგური მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნება

თბილისში ახალი 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის მაისში დაიწყო.

პროექტის ღირებულება 83 000 670 ლარია და იგი არსებული, დაკონსერვებული გვირაბების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ახალი მეტროსადგურის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ, სამუშაოების მწარმოებელ კომპანია COBRA ASSIGNIA-ს (კობრა ასიგნია) წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 20 წელი დაკონსერვებული იყო. გვირაბების სრული რეაბილიტაციის შედეგად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი უსაფრთხო სადგური შენდება.

ახალი მეტროსადგური მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს განტვირთავს და საბურთალოს რაიონში არსებულ საცობებს შეამცირებს, სადაც ყოველდღიურად, მუნიციპალური ტრანსპორტით საშუალოდ 220 000 ადამიანი სარგებლობს. მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ ამუშავება, დღეში 15 000-ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.

პროექტის ფარგლებში აღდგა არსებული გვირაბები, საერთო სიგრძით 2,6 კილომეტრი. ასევე, მიმდინარეობს სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები, კეთდება მეტროდან ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირსა და სანდრო ეულის ქუჩაზე, ჯამში ოთხი ამოსასვლელი.

მზადდება სალიანდაგო ხაზები, ელექტროქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, სიგნალიზაციის მართვის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და სათადარიგო ამოსასვლელები. მშენებლობაზე 220 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოების დასრულება 2017 წლის ზაფხულში იგეგმება.

დედაქალაქში ახალი სადგურის მშენებლობა ურბანული ტრანსპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

Comments
Loading...