თბილისში ლომბარდების ნაწილი იხურება

თბილისში ლომბარდების ნაწილი იხურება. „კომერსანტის” მიერ გამოკითხული რამდენიმე ლომბარდის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რაც დრო გადის, მათ ბიზნესში მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება. მიზეზად კი რამდენიმე ფაქტორი სახელდება. ჯავახეთის ქუჩა კორპ. 2-ში მდებარე ლომბარდ „ი.მ ჯგუფში” აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო 1 თვეა დაიხურნენ. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ძალიან დაეცა ოქროს ფასი, რის გამოც, კლიენტებს აღარ უღირდათ ნივთების გამოსყიდვა. გარდა ამისა, ნაკლები იყო დალომბარდების მსურველთა რიცხვიც. „ამ ყველაფრის გათვალისწინებით,ჩვენი საქმე ძალიან ცუდად წავიდა, თან ჩვენს გვერდით ბევრი ლომბარდი გაიხსნა, არადა მომართვიანობა ძალიან შემცირდა”-აცხადებენ „ი.მ ჯგუფში”. ყაზბეგის N 8 ა-ში მდებარე ლომბარდ „გოლდში” კი აცხადებენ, რომ გასულ წელთან შედარებით ოქროს დალომბარდების სტატისტიკა შემცირებულია. ასევე შემცირებულია იმ კლიენტების რიცხვი, ვისაც ნივთების უკან გამოსყიდვა სურს. „არ ვიცით რა არის შემცირების მიზეზი, თუმცა, ფაქტია, რაც წლები გადის, უფრო და უფრო მძიმდება სიტუაცია”-აცხადებენ „გოლდში”. ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობენ კოსტავას N75-ში მდებარე „ორბი 777″-შიც. მათი განცხადებით, მოსახლეობის მხრიდან მომართვიანობა გასული წლის ანალოგიური პერიოდისგან განსხვავებით შემცირებულია. თუმცა, სხვა დამატებით დეტალებზე საუბრებისგან თავს იკავებენ.

Comments
Loading...