თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე “სოციალური მაცივარი” დამონტაჟდა

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ე.წ. სოციალური მაცივარი დამონტაჟდა, რომელიც გაჭირვებულთათვის განკუთვნილი საკვები პროდუქტებითაა სავსე.

როგორც პროექტის მესვეურები აცხადებენ, მაცივარს პროდუქტით თავად თბილისელები ეავსებენ და მათი აქტიურობის კუთხით ჯერ-ჯერობით პრობლემა არ არის.

ამიერიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ქველმოქმედებაში ჩაერთოს, მაცივარი სახლიდან მიტანილი ან უშუალოდ ამ მიზნით მაღაზიაში შეძენილი პროდუქტით შეავსოს, სოციალურად დაუცველებს კი ეძლევათ შესაძლებლობა, თანამოქალაქეების მხრიდან ამ მზრუნველობით ისარგებლონ და შიმშილი ყოველდღიურად დაიკმაყოფილონ.

“ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა, გაგვეკეთებინა სოციალური პასუხისმგებლობის ასამაღლებლად და მოგვივიდა ეს იდეა, რომელიც, მოხარულები ვართ, რომ უკვე წარმატებით მუშაობს გორში და ახლა თბილისშიც. იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს ერთმანეთზე ზრუნვის შესაძლებლობა მიეცეთ. როდესაც ვიღაც შიმშილობს, შენ კი შეგიძლია, ზედმეტი პროდუქტისგან გაათავისუფლო საკუთარი მაცივარი და გაჭირვებულებს დაეხმარო, ვფიქრობთ, ეს ძალიან კარგია. მაცივარი პროდუქტით დღეში სამჯერ ივსება და სამჯერვე ცარიელდება” – განუცხადეს ჟურნალისტებს პროექტის ორგანიზატორებმა.

ქალაქში ვრცელდება ბუკლეტებიც, რათა “სოციალური მაცივრის” შესახებ მოსახლეობის ფართო მასებს შეატყობინონ.

სამომავლოდ “სოციალური მაცივარი” ბათუმშიც განთავსდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.