The Crown-ის მეხუთე სეზონი 2022 წლამდე არ გამოვა

იმელდა სტაუნტონი დედოფალ ელისაბედ II-ის როლში 2022 წლამდე ვეღარ წარდგება, რადგან სერიალი The Crown, მსახიობთა ცვლილებასთან ერთად, წელს გადაღებებისგან შესვენებას აცხადებს.

Left Bank Pictures ნეტფლიქსის ფრენჩაიზის მეხუთე სეზონის გადაღებას მომავალი წლის ივნისამდე არ დაიწყებს, რაც ნიშნავს, რომ სტრიმინგის სერვისი 2021 წელს თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუს ახალი ეპიზოდების გარეშე გაატარებს.

სავარაუდოდ, გადაღებების შეჩერება The Crown-ის გეგმებში აქამდეც შედიოდა და ის კორონავირუსის პანდემიასთან არ არის დაკავშირებული, თუმცა საამისოდ ნამდვილად კარგი დროა შერჩეული.

მეხუთე სეზონი რომ 2021-ში გამოდიოდეს, შოუს ახლავე მოუწევდა მასზე მუშაობის დაწყება, რაც მარტივი სულაც არ იქნებოდა სერიალის ამბიციებისა და გადასაღები მოედნების მონაცვლეობის გათვალისწინებით.

The Crown-ის მეორე და მესამე სეზონებს შორის მსგავსი პაუზა უკვე იყო. სეზონები ორი წლის დაშორებით გამოვიდა, როდესაც კლეირ ფოი ტახტიდან ჩამოვიდა და მისი ადგილია ოლივია კოლმანმა დაიკავა.

ფოტო: Netflix

სერიალის მეხუთე სეზონის გადაღებები 2021 წლის ივნისში დაიწყება, მეექვსე სეზონს კი 2022 წელს გადაიღებენ. ნეტფლიქსმა იანვარში განაცხადა, რომ მეხუთე სეზონი უკანასკნელი იქნებოდა, თუმცა სერიალის შემქმნელმა პიტერ მორგანმა ამ თვის დასაწყისში გადაწყვეტილება შეიცვალა.

სტაუნტონი დედოფალი ელისაბედის როლს ბოლო ორი სეზონისთვის მოირგებს, ლესლი მენვილი კი პრინცესა მარგარეტის როლს შეასრულებს. მსახიობთა შემადგენლობასთან დაკავშირებულ სხვა ცვლილებებს ნეტფლიქსი მომავალ თვეებში დააანონსებს.

ამ ყოველივეს პარალელურად, მეოთხე სეზონი ამ წლის ბოლოსკენ გამოვა და 1990 წლამდე პერიოდს წარმოგვიდგენს, როდესაც მარგარეტ ტეტჩერი პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ტეტჩერის როლს X-Files-ის მსახიობი გილიან ანდერსონი შეასრულებს. ახალ სეზონში მნიშვნელოვანი როლი ექნება აგრეთვე პრინცესა დაიანას (ემა კორინი), რომელიც 1981 წელს პრინც ჩარლზზე (ჯოშ ო’კონორი) ქორწინდება.

Left Bank-მა დროულად მოასწრო სეზონის დასრულება მარტში, სანამ კორონავირუსი კინოინდუსტრიას შეაჩერებდა. პრინცი ფილიპის როლის შემსრულებლის, ტობიას მენზისის, თქმით, ვირუსის გამო ბოლო სცენების გადაღების შემდეგ მსახიობებმა გამოსამშვიდობებელი საღამოს მოწყობა ვერ მოახერხეს.

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...