თეა წულუკიანი: არასრულწლვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ძალიან გვეამაყება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში” მიმდინარე კონფერენციაზე, სადაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინოვაციურ კოდექსს 7 ქვეყნის დელეგაციები ეცნობიან, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელმაც საქართველოში შექმნა სპეციალიზებული მართლმსაჯულება ბავშვებისათვის.

„ჩვენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ძალიან გვეამაყება.ამ კოდექსით ჩვენი კანონი ვაქციეთ გაეროს კონვენციასთან ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში და შემოვიტანეთ ერთხელ და სამუდამოდ, ისეთი პრინციპები, როგორიც არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი, ადეკვატური სასჯელის ინსტიტუტი და პატიმრობა, როგორც უკიდურესი გამოსავალი. ჩვენ ამ კოდექსში საქართველოში შემოვიტანეთ ის, რაც ძალიან ბევრი წელი არ არსებობდა. ეს არის ბავშვისთვის პირველი შეცდომის უფლება, რომელსაც პროფესიონალები, მათ შორის სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და ჩვენ სახელმწიფო ერთად გამოვასწორებთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, იუნისეფს, თანამშრომლებს, სამართალდამცავ ორგანოებს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, რომელიც აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე პროცესში ექსპერტის სახით მონაწილეობდა. კონფერენციას ესწრებიან დელეგაციები უკრაინიდან, სომხეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან და ბელარუსიდან.

ღონისძიებაზე იმყოფება ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში საშა დრაუმანი და მოსამართლე რენატე ვინტერი, რომელიც ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” ხელმძღვანელია.

Leave A Reply

Your email address will not be published.