თეა წულუკიანი – დიახ, მე ვიხევ უკან

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მზად არის, სასამართლო სისტემის რეფორმირების ფარგლებში უარი თქვას მისივე ერთ-ერთი ინიციატივის განხორციელებაზე, რომელიც მოსამართლეებისთვის მათი დანიშვნის შემდეგ სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას გულისხმობს.

„დიახ, მე ვიხევ უკან, რადგან თქვენ, ვენეციის კომისია და ევროპარლამენტი ერთ აზრზე ხართ“, – მიმართა დღეს სასტუმრო „რედისონში“ შეკრებილ მოსამართლეებს თეა წულუკიანმა.

გამოსაცდელი ვადა არ დაუწესდებათ მხოლოდ იმ მოსამართლეებს, რომლებმაც 10 წელი სასამართლო სისტემაში უკვე იმუშავეს და ახლა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ისინი ხელახლა გაამწესა.

თეა წულუკიანის თქმით, მის იდეას, რომ გამოსაცდელი ვადა ყოფილიყო დაწესებული ყველა მოსამართლისთვის, მოსამართლეებთან ერთად არ დაეთანხმა ვენეციის კომისია და ევროპარლამენტი.

თუმცა იუსტიციის მინისტრმა დღესვე მოსამართლეებს განუცხადა, რომ არ აპირებს შეცვალოს საკუთარი გადაწყვეტილება საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების შესახებ და რეფორმის ამ ტალღას ბოლომდე მიიყვანს.

დილიდან სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით კონფერენცია “სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები“ იმართება.

Comments
Loading...