თეა წულუკიანი: ნიკა გვარამია იმ დროშია ჩარჩენილი, როდესაც ზურაბ ადეიშვილთან ერთად წერდა მოსამართლის განჩინებებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის დროებით მმართველებად დავით დვალის და რევაზ საყევარიშვილის დანიშვნას გამოეხმაურა.

„მე დღეს პირველად ვუსმინე დვალს, აქიმიძეს, საყევარიშვილს. რამდენადაც შეიძლება დასკვნები გააკეთო მედიაში გაკეთებული განცხადებებიდან, ისინი ტოვებენ გონიერი და ჭკვიანი ადამიანების შთაბეჭდილებას. მე არ მგონია, ისინი რაიმე ტიპის გამწვავებაზე წავიდნენ ჟურნალისტებთან ან რაღაც ძალისმიერი მეთოდებით მოითხოვონ გადაწყვეტილების აღსრულება. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა ყველასთვის და მაქვს როგორც ერთი, ისე მეორე მხარის გონივრულობის იმედი. მაგრამ ჩემთვის მაინც მთავარი არის ის, რომ „რუსთავი 2″-ის ჟურნალისტებმა გააგრძელონ საქმიანობა. საზოგადოებას აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია, მიიღოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ინფორმაცია, მათ შორის, „რუსთავი 2″-გან, რომელიც უკვე მრავალი წლის არხია და მისი შესუსტება ამ სამართლებრივი დავის გამო არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანმა ასევე ნიკა გვარამიაზეც ისაუბრა. მისი თქმით, გვარამია იმ დროშია ჩარჩენილი, როდესაც ზურაბ ადეიშვილთან ერთად წერდა მოსამართლის განჩინებებს.

„მე ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, რომ ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობის” გენპროკურორის მოადგილე, „ნაციონალური მოძრაობის” იუსტიციის მინისტრი და „ნაციონალური მოძრაობის” განათლების მინისტრი, რომელიც უკვე ბევრი დროა, თავს ყიდის დამოუკიდებელ მედიახელმძღვანელად, ჩარჩენილია ძველ დროში. მას მუდმივად ახსენდება ის დრო, როდესაც თავად და ადეიშვილი წერდნენ მოსამართლის, მათ შორის, მაგალითად, გიორგი ჩემიას, განაჩენს გირგვლიანის საქმეზე. ეს ხანა დასრულდა სამი წლის წინ. ურთმელიძე, ისევე, როგორც ყველა მოსამართლე საქართველოში, არის დამოუკიდებელი და ვერცერთი მათგანი ვერ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრმა მათ რაიმე ტიპის მითითება მისცა”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.