თეა წულუკიანი – როგორც ზურა ადეიშვილის დროს, ისე შემდეგ ყველაფერი გაკეთდა, რომ აგვისტოს ომის საქმე ბოლომდე ყოფილიყო გამოძიებული


არ შემიძლია არ ვთქვა, როგორც ზურა ადეიშვილის დროს, ისე მომდევნო პროკურორების დროს საქართველოში გაკეთდა ყველაფერი იმისათვის, რომ აგვისტოს ომის საქმე ბოლომდე ყოფილიყო გამოძიებული , – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავარი ხარვეზი გამოძიების პროცესში ის არის, რომ საქართველოს პროკურორებს არ შეეძლოთ ოკუპირებულ ტერიტორაზე შესვლა.
“თუ ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეს არ არის საქართველოს ბრალი, ეს არის ოკუპაციის ბრალი და ეს ხარვეზი უნდა შეავსოს ჰააგას პროკურატურამ ჩვენი დახმარებით და ჩვენი თანამშრომლობით. იმედი მაქვს, რომ ჰააგა სრულფასოვან გამოძიებას ჩაატარებს იქ, სადაც ჩვენი პროკურორი ვერც წინა ხელისუფლების დროს და ვერც ამჟამად ვერ შედიოდა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება 30-დღიან ვადას, მინისტრმა ამაზეც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ეს ვადა არა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის განსაზღვრული, არამედ ომის მსხვერპლებისთვის.
“ეს ვადა არის იმ ოჯახებისთვის მიცემული, ვინც ჰააგის პროკურატურამ უნდა სცნოს დაზარალებულად. ჩვენ, რა თქმა უნდა, მსხვერპლს ხელს შევუწყობთ, რომ იყვნენ დაცულები და ამ პროცესში ვადა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, რაც შეეხება ჰააგის პროკურორის საქართველოში ვიზიტის განრიგს, იგი თბილისში ხვალ ჩამოვა, ზეგ კი მოხდება იუსტიციის სამინისტროსთან და საქართველოს პროკურატურასთან შეხვედრა. ამის შემდეგ კი, თეა წულუკიანის ინფორმაციით, ჰააგის პროკურორი შეხვდება ომის მსხვერპლებს. თუმცა, როგორ მოხდება შეხვედრა, მინისტრის თქმით, ამაში ხელისუფლება ვერ ჩაერევა.
“პროკურორისა და დაზარალებულის ურთიერთობა არის მათი ურთიერთობა, რომელშიც ვერც ერთი მთავრობა ვერ და არ ჩაერევა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრმა შეკითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს ჰააგის პროკურორის გამოძიების პროცესში, განმარტება გააკეთა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ჰააგა არ არის სტრასბურგი, რომელიც სახელმწიფოებს სჯის.
“ჰააგის პროკურორის გამოძიების ფარგლებში თუ ვინმე დაისჯება ესენი იქნებიან ინდივიდები. ის ვერ დასჯის საქართველოს. ინდივიდები კი შეიძლება იყვნენ ყველა ეთნოსის, ყველა ეროვნების და ყველა მოქალაქეობის წარმომადგენლები. ჩვენი მიზანია, რომ ჰააგის სასამართლოს მივეხმაროთ მიაკვლიონ იმ ინდივიდებს, ვინც საქართველოში ეთნიკური წმენდა ჩაატარა. მივაკვლიოთ ოკუპანტ სახელმწიფოში, ან სხვაგან მათ, ვინც აწამა ქართველი სამხედროები”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Comments
Loading...