თეა წულუკიანი: რუსეთს უნდა თუ არა, ჩვენ ბენსუდას ოფისთან ერთად ვიმუშავებთ

“რუსეთს უნდა თუ არა, გზა გაგვეხსნა იქითკენ, რომ ქართველი ტყვეების წამების თემაზე ვიმუშაოთ ბენსუდას ოფისთან.

გადაწყვეტილებაში, რომელიც აღარ შეიცვლება, შავით თეთრზე წერია ეს და რეალობაა. დიახ, ეს 2008 წლის ომი იყო საერთაშორისო კონფლიქტი, სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ჩვენ გზა გაგვეხსნა იქითკენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან თეა წულუკიანმა განაცხადა.

“ჰააგაში გამოძიების პროცესს შეიძლება რუსეთის მხარემ ხელი არ შეუწყოს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა 2008 წლის აგვისტოს საქმე მთლიანად სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს იმ პროცედურებით, რასაც რომის ტატუტი ითვალისწინებს და ჩვენ ვართ რომის ტატუტის ხელშემკვრელი მხარე. ამიტომ, აქ ჩვენ ერთადერთი გზა, რომელიც ავირჩიეთ საქართველომ, არის თანამშრომლობის გზა ქალბატონი ბენსუდას ოფისთან.

რუსეთმა რომც არ მიიღოს ამ გამოძიებაში მონაწილეობა, ჩვენ, საქართველოს მხარეს, იუსტიციის სამინისტროს არ გაგვიჭირდება მტკიცებულებებში, რაც ეხება მაგალითად ქართველთა ეთნიკურ წმენდას.

იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 3 წლის მანძილზე, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად ჩაატარა ტიტანური შრომა იმისათვის, რომ ბენსუდას ოფისის მხრიდან დამდგარიყო ის შედეგი, რაც დადგა. გახსოვთ, 2008 წელს რუსეთმა საქართველოს უჩივლა ჰააგაში. ამას მოყვა საპასუხოდ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ინფორმაციების გაგზავნა და ეს პროცესი დღემდე გრძელდებოდა. ეს პროცესი მივიდა პირველი ეტაპის ლოგიკურ დასასრულამდე, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბოლო სამწლიანი აქტიური ჩართულობით, ექსპერტიზით და კომპეტენციით და მივიღეთ სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც პროცედურული, საბოლოო გადაწყვეტილებაა და ის დარჩება საერთაშორისო სამართლის ისტორიას.

იქ ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია ის, რომ ქართველთა წმენდაა სავარაუდოდ ჩატარებული და ის, რომ უკვე ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს და ამას ჩვენ ხელს შევუწყობთ. გზა გაგვეხსნა იქითკენ, რომ ქართველი ტყვეების წამების თემაზე ვიმუშაოთ ბენსუდას ოფისთან და გადაწყვეტილებაში, რომელიც აღარ შეიცვლება, პროცედურული გადაწყვეტილებაა, შავით თეთრზე წერია ის, რაც რეალობაა. დიახ, ეს იყო საერთაშორისო კონფლიქტი, დიახ, სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ჩვენ გზა გაგვეხსნა იქითკენ, რომ ეს გამოძიება მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე პროკურორთან ერთად. ამას დასჭირდება თვეები, შეიძლება წლებიც, მაგრამ ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ვინც არ უნდა იყოს მომავალში იუსტიციის მინისტრი, მე მჯერა, რომ ამ ჩვენს, ჩემს, მთავრობის კურსს გააგრძელებს“,-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

წყარო: იპრესს

Comments
Loading...