თელავში, 31 დეკემბერს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები აღარ გაიმართება

კახეთის გუბერნატორის განცხადებით, საპატრულო პოლიციაზე მომხდარი თავდასხმის გამო, რასაც პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა, თელავში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გადაიდო.

თელავში, შემთხვევის ადგილზე იმყოფება თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი.

რეგიონის პირველმა პირმა მომხდარი ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მძიმეა დაჭრილი პოლიციელი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მან მომხდარ ფაქტს შემზარავი უწოდა და განაცხადა, რომ თელავში, 31 დეკემბერს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები აღარ გაიმართება.

ადგილზე ელოდებიან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილსაც, რომელმაც მომხდარის გამო მიმდინარე მთავრობის სხდომა დატოვა და თელავში გაემგზავრა.

მინისტრი პირადად გაეცნობა ადგილზე არსებულ ვითარებას და ასევე სავარაუდოდ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებულ დაჭრილ პოლიციელ ქალბატონსაც მოინახულებს.

თელავში პოლიციის შენობის ეზოში სროლადა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოროტმოქმედი საპატრულო პოლიციის ეზოში უკანა მხრიდან შეიჭრა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. შემთხვევის შედეგად ერთი პოლიციელი ადგილზევე გარდაიცვალა.

დაჭრილია ასევე სამართალდაცველი ქალბატონი, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

შსს-მ თელავში, საპატრულო პოლიციაზე თავდასხმის შედეგად, გარდაცვლილი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი, ცხელ კვალზე დააკავა. როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლით არის აღძრული.

Leave A Reply

Your email address will not be published.