თინა ხიდაშელი: აშშ-ს გემის შავი ზღვის აკვატორიაში ყოფნა, უსაფრთხოების გარანტია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბათუმში ამერიკულ ნაღმოსან „პორტერზე“ (DDG-58) გამართულ მიღებას დაესწრო. „პორტერი“ არლეი-ბერკის კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანია, რომელიც აშშ-ს საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს ეკუთვნის.

თინათინ ხიდაშელმა საქართველოში ამერიკული ნაღმოსნის შემოსვლის სტრატეგიულ და პრაქტიკულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს წევრი ქვეყნების გემების შემოსვლა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება.

„შავმა ზღვამ, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, სამწუხაროდ, განსაკუთრებული ფუნქცია შეიძინა. უსაფრთხოების კუთხით გამოწვევები შავ ზღვაზე დღეს გაცილებით დიდია. ამიტომ, სწორედ, ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნატოს წევრი ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო გემი, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში იმყოფება, უსაფრთხოების ერთგვარი გარანტია არის ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც შეიძლება რამე ტიპის საფრთხისა და აგრესიის მოლოდინში იყოს.

სიამოვნებით ვხვდები ამგვარი გემების შემოსვლას. სახელმწიფო მადლობელია იმ სწავლებების გამოც, რომელიც ასეთ დროს იმართება ზღვაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზღვრის დაცვისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მეტი გაიგონ, უშუალო შეხება ჰქონდეთ თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შესაბამის საშუალებებთან“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ამერიკულ ნაღმოსანზე გამართულ მიღებას თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი და საქართველოში აშშ- ის ელჩი იან კელი დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ „პორტერის“ სტუმრობა აშშ-ის საზღვაო ძალების სხვა წარმომადგენელთა ადრინდელი ვიზიტების გაგრძელებაა და მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან შეერთებული შტატების პროფესიული და პერსონალური ურთიერთობების გამტკიცებას ემსახურება.

ნაღმოსანი ორმხრივი და მრავალმხრივი საწვრთნელი მისიების მონაწილეა და შავი ზღვის რეგიონში ნატოს ოპერაციებშია ჩართული. აშშ-ის საზღვაო ძალების გემები მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად შავ ზღვაში რეგულარულად მოქმედებენ.

Comments
Loading...