თინა ხიდაშელი – მაპი “დამოკლეს მახვილივით” ჰკიდია ჩვენს თავზე

„დღეს ჩვენ ნატოსთან უნდა ვილაპარაკოთ წევრობაზე და ეს არის მთავარი ამოცანა ყველასთვის“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარში“.

თინათინ ხიდაშელმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის მიმართულებით დღეს გაცილებით მეტი ინსტრუმენტი აქვს, ვიდრე მაპ-ის მქონე ქვეყნებს ოდესმე ჰქონიათ.

„ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ. ჩვენი ამოცანა, ოცნება, არ არის მაპის მიღება. მაპი „დამოკლეს მახვილივით“ ჰკიდია დღეს ჩვენს თავზე და მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე საუბარი საერთოდ უნდა დავასრულოთ. თუმცა, ბუნებრივია, ვერავის აუკრძალავ ვერაფერზე საუბარს…”

“ნებისმიერ ადამიანს, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ნებისმიერ სტუდიაში დავუჯდები და დავუმტკიცებ დოკუმენტურად, რომ არც ერთ ქვეყანას დედამიწის ზურგზე, ვისაც მაპი ჰქონია, ან დღეს აქვს, არა აქვს იმდენი ინსტრუმენტი, რაც საქართველოს აქვს ნატოსთან ურთიერთობაში. არა აქვს თანამშრომლობის იმდენი ტიპის ფორმატი, რამდენიც საქართველოს აქვს ნატოსთან ურთიერთობაში“
,– განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის ერთ-ერთი მაგალითი საჩხერის სამთო მომზადების ცენტრია, რომელსაც უკვე 10 წელი შეუსრულდა. ასევე ამ ურთიერთობის დასტურია ნატოს ეგიდით საქართველოში გამართული და სამომავლოდ დაგეგმილი სხვადასხვა წვრთნები.

წყარო: imtavroba.ge

Comments
Loading...