“თითქმის ორი წელიწადია, მთავრობას ვთავაზობდით კრიზისიდან გამოყვანის სრულფასოვან გეგმას,” – გიგა ბოკერია

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარმოდგენილ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმას ოპოზიცია აფასებს.

ნაციონალური მოძრაობა გადასახადების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს. საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს, რომ ცვლილებები საშემოსავლო გადასახადსაც შეეხოს.

“თითქმის ორი წელიწადია, საზოგადოებას და ამ მთავრობას ვთავაზობდით კრიზისიდან გამოყვანის სრულფასოვან გეგმას, იმ კრიზისიდან, რომელშიც თვითონ ივანიშვილმა შეიყვანა ქვეყანა. იძახდნენ, რომ ყველაფერი კარგად არის და ყურს არ იბერტყავდნენ. გადასახადების შემცირება ზოგადად აუცილებელი პირობაა, მაგრამ ხარჯების შემცირების გარეშე ეს კატასტროფა იქნება,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა.

მისი განცხადებით, საჭიროა გადასახადების შემცირება, მათ შორის მოგების გადასახადის გაუქმება.

„ის უაზრო რეგულაციები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში იქნა მიღებული არის გასაუქმებელი, წინააღმდეგ შეთხვევაში გარკვეული ტვირთი იქნება ეკონომიკისთვის,“ – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარმოდგენილ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ოპოზიციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„მთავრობის ხარჯების მნიშვნელოვანი შეკვეცა, სხვაგვარად გადასახადების უბრალო შემცირება იმ ეფექტს, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, ვერ მოგვცემს. მაგრამ ხარჯების შეკვეცა არ უნდა შეეხოს პენსიებს და სხვა სოციალურ ხარჯებს,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პრემიერის დოკუმენტი ოთხ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს – ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ჩართულობის რეფორმა, რეგიონული განვითარება და საგანმანათლებლო სისტემის რეფორმა. ცალკე არის გამოყოფილი საგადასახადო სისტემის ტრანსფორმაციის გეგმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი მოგების გადასახადის გაუქმებას ითვალისწინებს.

Comments
Loading...