თოფაძე: არ ვარ ექიმი, სტატია წავიკითხე და უცებ, შემეშალა

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარის გოგი თოფაძის განცხადებით, მან პარლამენტში გაკეთებული გამონათქვამის გამო, ბოდიში მოუხადა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახებს და არა პრეზიდენტს. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

თოფაძის თქმით, მას ტერმინი შეეშალა, რადგან არ აქვს საკმარისი განათლება სამედიცინო სფეროში.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა თავისი სტატიის გამო, ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს.

„პრეზიდენტს ჩვენზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც აკრიტიკებენ. თუ დემოკრატიას ვაშენებთ, ესეც უნდა ავიტანოთ. გაგახსენებთ, რა კრიტიკას უძლებს ძალიან ბევრი ქვეყნის ლიდერი, მაგალითად, ობამა, ბერლუსკონი, მერკელი. აჟიოტაჟია ატეხილი იმის გამო, რომ მე სამედიცინო ტერმინი შემეშალა. რაც არ უნდა მეთქვა მე იმ დღეს 15 წუთში, ეს იქნებოდა აღქმული აჟიოტაჟად. მე ბოდიში პრეზიდენტს კი არ მოვუხადე, არამედ იმ ხალხს მოვუხადე, რომელთაც შეეხოთ ჩემი ტერმინი. არ ვარ ექიმი. სტატია წავიკითხე და უცებ, შემეშალა. პრეზიდენტმა კი ქართველ ხალხს უნდა მოუხადოს ბოდიში“, – განაცხადა პარლამენტარმა.

კითხვაზე, ხომ არ აპირებს შეხვდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს ან დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს, გოგი თოფაძე აცხადებს, რომ სურვილის შემთხვევაში, ის მზად არის, მიიღოს საკუთარ კაბინეტში ის, ვისაც მასთან ამ საკითხზე საუბარი სურს.

ამასთან, პარლამენტარი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ აცხადებს, რომ არ მიაჩნია პატრიოტად ის ხალხი, ვინც საზღვარგარეთიდან ფინანსდება.

„დღესვე მივიღებ და შევხვდები, თუ სურვილი ექნებათ. არასამთავრობოებს რაც შეეხებათ, სულ არ მაინტერესებს იმათთან შეხვედრა. მე არ მიმაჩნია პატრიოტად ის ხალხი, ვინც საზღვარგარეთიდან ფინანსდება“, – განაცხადა თოფაძემ.

რაც შეეხება საკითხს პარლამენტში მის დარჩენასთან დაკავშირებით, თოფაძემ აღნიშნა, რომ მისი წინა განცხადება, პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით, არასწორად იქნა აღქმული.

როგორც თოფაძე ამბობს, მას რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი აქვს გასატანი და მერე გადაწყვეტს, წავიდეს თუ არა პარლამენტიდან.

Comments
Loading...