„თოფაძის ადგილი ამ კოალიციასა და ამ ხელისუფლებაში არ არის – პენსიაზე გაუშვან“

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარეს, გოგი თოფაძეს ღიად დაუპირისპირდა და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა. ბერძენიშვილი თვლის, რომ ამ კოალიციასა და ამ ხელისუფლებაში თოფაძის ადგილი არ არის, რადგან როცა თოფაძე ამბობს, რომ საქართველო ნეიტრალური უნდა იყოს და ნატო აგრესიული ბლოკია, ის ამით ქართული სახელმწიფოს მსვლელობას ეწინააღმდეგება.

„რაკი, კულუარული ფორმებით თოფაძის კამპანიის შეჩერება არ მოხერხდა და რაკი, მისი გაჩერება კულუარულად საჭიროდ არ ჩათვალეს, ეს საჯაროდ ვთქვით და მზად ვართ, ეს საკითხი კოალიციის პოლიტსაბჭოზე სერიოზულად განვიხილოთ“, – აცხადებს ბერძენიშვილი.

„რესპუბლიკელებისა“ და „მრეწველების“ კონფლიქტის თაობაზე, for.ge დეპუტატ დავით ბერძენიშვილს ესაუბრა:

გოგი თოფაძე ანტიქართულ, ანტიკოალიციურ და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულეთ. ასე ძალიან რამ გაგაღიზიანათ?

– ისევე როგორც არაერთხელ, მანამდე, ასევე ახლაც ტელეკომპანია „ობიექტივში“ თოფაძემ თინა ხიდაშელის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებები კვლავ გაიმეორა. ის „რესპუბლიკური პარტიის“ კრიტიკას გაემიჯნა და თქვა, რომ პარტიას არ ერჩის, თუმცა თავდაცვის მინისტრის მიმართ მისი გამონათქვამები სრულიად არაკვალიფიციური და არაკორექტულია. მთავარია, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა შეგნებულ ტყუილებს და საუბარს იმაზე, ხიდაშელი საქართველოს ჯარს რას უშვება და ა.შ. ამ ყველაფერს ვაფასებთ როგორც თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანიის შემადგენელ ნაწილს. აქ ასაკი არაფერ შუაშია, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილმა მის მეგობარ გოგი თოფაძეზე თქვა. გოგი თოფაძეს ვუყურებ როგორც პარლამენტის წევრს და მგონია, რომ ის ვითარებებს ადეკვატურად აფასებს. შთაბეჭდილება არ დამრჩენია, რომ მას პრობლემა აქვს, რადგან ის ამ ტიპის თემებზე მიზანმიმართულად საუბრობს. მან თქვა, რომ „მსოფლიო და საქართველოში“ არ უთქვამს, ხიდაშელმა არჩევნები გააყალბაო, მაგრამ აღნიშნა, ადგილზე მთელი ჯარი რომ ჩაიყვანა, მთელმა საქართველომ იცისო. როცა ხიდაშელი დეპუტატი იყო, ჯარი იქ იდგა და მაშინ ხიდაშელი არ ფიქრობდა, რომ მინისტრი გახდებოდა და საგარეჯოში არჩევნები ჩატარდებოდა. არჩევნების თემა შეგნებული ტყუილია და თემა თითქოს დახურულია, მაგრამ მთავარი სამიზნის, თინა ხიდაშელის წინააღმდეგ სჭირდებათ პარტნიორები და ამფსონები როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე მის გარეთ, იმ ხალხს და იმ ძალებს ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ, რომლებიც ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ გამოდიან.

თინა ხიდაშელია ის მინისტრი, რომელსაც უკიდეგანოდ კარგი კონტაქტები აქვს. თინა რამდენჯერაც წავა ნატოში, საქართვლოში მის წინააღმდეგ იმდენჯერ გამოსვლებია და შეგვიძლია, ამის სტატისტიკა დავდოთ. საგარეჯოს არჩევნები საბაბია, ანტიდასავლურობა კი, მათი ამოცანა.

ანუ, თქვენ ამბობთ, რომ თოფაძე სხვის იდეებს ახმოვანებს? მის უკან ვინ დგას?

– თოფაძის პოზიციები იმ ძალების პოზიციებს ემთხვევა, რომლებსაც საქართველოს დასავლური კურსი არ უნდათ.

ესაა – რუსეთი.

– იმ ადამიანებზე ვსაუბრობ, ვისაც ეს ხაზი დეკლარირებული აქვს. თოფაძისა და ლევან ვასაძის აზრები თანხვედრაშია, რომელმაც თქვა, რომ ცხინვალისა და სოხუმის გარდა, საქართველოს დანარჩენი ტერიტორია ვაშინგტონის, ბრიუსელისა და სტრასბურგის მიერ ოკუპირებულია. ვასაძისთვის ვაშინგტონი და ევროპის დედაქალაქები მტრული ორიენტირებია, მაშინ, როდესაც ჩვენ გვინდა ვაშინგტონი, ბრიუსელი და სტრასბურგი ჩვენი დედაქალაქებიც გახდეს. ქართული პასპორტით შენგენის ზონაში რომ შევალთ და ევროპაში რომ ვივლით, იმისთვის უნდა ვიმუშაოთ, რომ ბრიუსელი და სტრასბურგი ჩვენი დედაქალაქი ისევე იყოს, როგორც ბულგარელებისთვის და რუმინელებისთვის არის. ბევრი ისეთი საკითხია, სადაც ანტიდასავლური პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა.

თოფაძეს კოალიციის დეკლარაციაზე ხელი მოწერილი კი აქვს, მაგრამ ჯერ მას დოკუმენტზე ხელი მოვაწერინეთ და შემდეგ მივიღეთ. ბოლო ერთის წლის მანძილზე, ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ის ხაზგასმით თავისივე ხელმოწერას ემიჯნება. მას ეს ხელმოწერა არაფრად უღირდა – პარლამენტში შემოსასვლელად მექანიზმი იყო, ხოლო ეს ჩვენთვის ცხოვრების მიზანია. რა ვქნათ, სხვადასხვანი ვართ და სხვადასხვანი 30 წლის წინაც ვიყავით.

„მრეწველები“ ამბობენ, რომ თოფაძის გაღიზიანების მიზეზი თავად თინა ხიდაშელის განცხადება იყო, სადაც მან თქვა – „მე მეგონა, ის პარლამენტის წევრი აღარ იყო“…

– გაღიზიანებულმა თოფაძემ თავდაცვის მინისტრის დაკითხვა და დანაშაულში მისი მხილება მოინდომა? – რა თქმა უნდა, ეს ლოგიკური არ არის. მთავარი და მნიშვნელოვანი სხვა რამ არის, რასაც ჯერჯერობით, ნაკლები ყურადღება ექცევა. თოფაძემ ბრძანა, ნატო შვება არ არის და მისი ხედვით, საქართველო ნეიტრალური უნდა იყოს, არც ერთ აგრესიულ სამხედრო ბლოკში არ უნდა მონაწილეობდეს.

საქართველოს ხელისუფლებას ევროატლანტიკური კურსი დეკლარირებული აქვს, ამ საკითხზე საქართველოში პლებისციტია ჩატარებული და ქართველმა ხალხმა თქვა, რომ მათ ნატო უნდათ. პარლამენტში ერთობლივი რეზოლუციაა მიღებული, რომ საქართველოს არჩევანია ევროპა და ნატო, რაც სადამფუძნებლო დოკუმეტში წერია, რომელსაც ხელი თოფაძემ ბოლოს მოაწერა. მისი პოზიციები საეჭვო იყო და მას დოკუმენტზე ჯერ ხელი მოვაწერინეთ და ბლოკში შემდეგ მივიღეთ. როცა თოფაძე ამბობს, რომ საქართველო ნეიტრალური უნდა იყოს და ნატო აგრესიული ბლოკია, ამით ის საქართველოს ხელისუფლების, ქართული სახელმწიფოს მსვლელობას ეწინააღმდეგება და სინამდვილეში მისი ადგილი ამ კოალიციასა და ამ ხელისუფლებაში არ არის.

ვასაძე იძახის, რომ ბრიუსელი, ვაშინგტონი და სტრასბურგი ოკუპანტები არიან. თოფაძეც თვლის, რომ ნატო აგრესიული ბლოკია. მას ნეიტრალური საქართველო უნდა? – მაშინ იმ ხალხთან ერთად იყოს, ვისაც მიაჩნია, რომ ასეთი საქართველო შესაძლებელია. არაკვალიფიციური განცხადებაა, რომ ჩვენს რეგიონში შეიძლება ნეიტრალური ქვეყანა იყოს. ის, რომ მან თინა ხიდაშელზე ბევრი ცუდი სიტყვა თქვა, მიზანმიმართული შეტევაა ხიდაშელის მიმართ. ვითომ, თოფაძეს საგარეჯო აწუხებს, სინამდვილეში მას ის აწუხებს, რომ საქართველო ნატოს ძალიან მიუახლოვდა და ამ პროცესში წამყვანი ფიგურა თინა ხიდაშელია, რომელიც მთავარ პოლიტიკურ სამიზნედ არის ამოღებული.

უმრავლესობის ლიდერებმა თოფაძის განცხადება დაგმეს, თუმცა, თქვენგან განსხვავებით ისინი არ ფიქრობენ, რომ თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ადგილი აქვს ანტიკამპანიას. მათი მოსაზრებით სახეზეა, პიროვნული დაპირისპირებები…

– ეს ვითარების სიღრმისეული შეფასება არ არის. ადამიანებს უნდათ, გართულებებს გაექცნენ, მესმის, მაგრამ როგორც უმრავლესობის ლიდერმა, ასევე ფრაქციის თავმჯდომარემ თქვეს, რომ თოფაძის მიდგომებს ემიჯნებიან. ვოლსკი თოფაძის განცხადებას მკვეთრად გაემიჯნა და მან ერთმნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსირა, რომ არავითარი გაყალბება არ ყოფილა. საგარეჯოში კოალიციამ გაიმარჯვა და არა „რესპუბლიკურმა პარტიამ“. ერთი ფეხი კოალიციაში გინდოდეს, რომელსაც ნატო და ევროკავშირი უნდა და მეორე ფეხი „ობიექტივში“ და იმ პოლიტიკურ ძალებში გქონდეს, რომელებიც დასავლეთთან მიმართებაში ნიჰილიზმს თესავენ, „შპაკატი“ მოგიწევს, რადგან ისე არ გამოვა.

თუკი გოგი თოფაძეს ანტიევროპულ განწყობებს ამჩნევთ, მას „შპაკატში“ ჩაჯდომის საშუალებას რატომ აძლევთ?

– კოალიცია კომპრომისებია. ძალიან კომპრომისული ძალა ვართ, მაგრამ პრინციპულები. ბევრი რაღაც დავთმეთ იმისათვის, რომ რაღაც შედეგებისთვის მიგვეღწია. ძალიან ზომიერები ვიყავით იმისთვის, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიეღო. ანტიდისკრიმინაციულ კანონს გადავეფარეთ და უამრავი დარტყმა მივიღეთ, მაგრამ 111 მომხრე ხმა 0-ის წინააღმდეგ აინთო და ამ პროცესში უდიდესი წვლილი ივანიშვილისაა, მაგრამ ჩვენი პაწია წილიც არის. ვისაც ხმის მიცემა არ უნდოდა, ივანიშვილის ხათრით თუ მოთხოვნით ცვლილეებს ხმა მათაც მისცენ. ჩვენ ვიცოდით, რომ ევროლიბერალიზაციის გზაზე ანტიდისკრიმინაციულ კანონს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. გადაწყვეტილებებში ღია ვიყავით და არავის საშუალებას არ ვაძლევდით, რომ ანტიდასავლური რიტორიკა ანტიდასავლურ პოლიტიკად ექციათ. კმაყოფილი ვარ, რომ ასოცირებული წევრები ვართ და ამაში ჩვენი მოკრძალებული წვლილი არის. პირადად მე, არც თვითმართველობის არჩევნებით ვიყავი აღფრთოვანებული და არც დამიმალავს, რომ კოალიციაში თანაფარდობა სამართლიანად განაწილებული არ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ ვთანამშრომლობთ და თვითმართველობებში წარმომადგენლები გვყავს. მაშინ ძალიან მკვეთრი კამათი ირაკლი ღარიბაშვილთანაც მქონდა, მაგრამ ამას მომავალი თანამშრომლობისთვის ხელი არ შეუშლია. ჩვენ პასუხისმგებლიანი, აწონილ-დაწონილი ძალა ვართ.

ფაქტია, რომ კოალიციაში შემავალ პარტიებს გულზე არ ეხატებით. ეს კითხვა ბევრჯერ დამისვამს და ისევ გკითხავთ, რატომ?

– არ გამოვა, ფლირტი „პატრიოტთა ალიანსთან“ და ლევან ვასაძესთან გქონდეს და „რესპუბლიკურ პარტიასთანაც“ თბილი ურთიერთობა გინდოდეს. საქმე ისაა, რომ კოალიციის დამფუძნებლები „რესპუბლიკელები“ არიან, ხოლო ისინი – არა. ხანდახან, ეს შეუსრულებელი ამოცანაა და ამავე ამოცანის მსხვერპლი ხდებიან, ვინც ცდილობს აქაც და იქაც იყოს. დასავლეთი გინდა, კოალიციაში ხარ და თუ არ გინდა, მაშინ ალალად და პატიოსნად თქვი. ხაზს ვუსვამ, რომ ბოლო ხანებში არ არის შეტევები „რესპუბლიკური პარტიის“ წინააღმდეგ, არამედ სახეზეა კონცეტრირებული შეტევა თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. მას ერჩიან. მისთვის ნატოში ყველა კაბინეტის კარი ღიაა და ეს გამოჩნდა. ასეთი წარმატება მანამდე არავის არ ჰქონია და ამით არავის არ ვაკნინებ. დღეს ასეთი ვითარება შეიქმნა და ამ პოსტზე თინა ხიდაშელი ძალიან ადეკვატური პოლიტიკოსი აღმოჩნდა, რომელმაც მშვენივრად მოახერხა ის, რომ ის ნატოსთვის შინაური გახდა. პირველად ვამბობ, რომ რესპუბლიკელობა არ არის მთავარი განმსაზღვრელი, როცა რესპუბლიკელს ერჩიან. საქართველოში ანტიდასავლური ძალების პერსონალური სამიზნე თინა ხიდაშელია და ეს ძალები ქვეყნის გარეთ სხვა ძალებთან კოორდინირებულად მოქმედებენ თუ ინტერესების თანხვედრა შემთხვევით ხდება, ამას დრო გამოავლენს.

თუკი ადგილი აქვს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, ამას პრემიერ-მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ვერ ხვდებიან?

– რამდენი ხანია, თოფაძე გვიტევს? რამდენი ხანია ჟურნალისტები მის განცხადებაზე კომენტარს გვთხოვთ? – ვცდილობდით, რომ ვითარება არ გაგვემწვავებინა. რაღაც ზღვარი არის, რომლის შემდეგ, უკვე, ყველაფერი შეუძლებელია. დამალულ და ფარულ პოლიტიკას არ ვთამაშობთ, „რესპუბლიკელები“ პატიოსანი მოთამაშეები ვართ. საზოგადოებას ვუთხარით, რა ხდება. რაკი, კულუარული ფორმებით თოფაძის კამპანიის შეჩერება არ მოხერხდა და რაკი, მისი გაჩერება კულუარულად საჭიროდ არ ჩათვალეს, ეს საჯაროდ ვთქვით და მზად ვართ, ეს საკითხი კოალიციის პოლიტსაბჭოზე სერიოზულად განვიხილოთ. აწი, შეაჩერებენ.

გოგი თოფაძემ თქვა, რომ ის პარლამენტიდან გენმოდიფიცირებული კანონპროექტის მიღების შემდეგ წავიდოდა. ცვლილებები მეორე მოსმენით მიღებულია, თუმცა, ის წასვლას არ აპირებს. რატომ შეიცვალა პოზიცია?

– ამ კანონის მიღება რით არ დამთავრდა? – გამოიტანოს და მისი მიღება ორ დღეში შეიძლება. ეს მისი ტაქტიკა იყო, თუ რა იყო, ამას აღარ გავყვები. კაცი სიტყვას რომ იტყვის, მას რანაირად ხსნის, ამ თემას არ განვიხილავ.

თინა ხიდაშელის გარდა, თოფაძემ პრეზიდენტიც გააკრიტიკა. როგორც ჩანს, მხოლოდ ხიდაშელს არ ესხმის თავს…

– კორექტული არ იყო და მას ტერმინები ერთმანეთში აერია, რისი გახსენებაც არ მინდა. თოფაძე არაკვალიფიციურობის ნიაღვარს აფრქვევს. როგორც ჩანს, თავის თავს ვიღაცეებს ორიენტირად სთავაზობს – „თქვენ ინტერესების გამომხატველი ვარო“. ბიძინა ივანიშვილს ის ტექსტი მოეწონებოდა, რაც თოფაძემ თქვა? თავისი ჭკუით ხომ კოჭს მას უგორებდა? – ივანიშვილს საკმაოდ კარგად ვიცნობ.

„რესპუბლიკური პარტია“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე კოალიციის შემადგენლობის გადახედვის საკითხს, მათ შორის, კოალიციიდან „მრეწველების“ გაშვების საკითხს ხომ არ დააყენებს?

– გაგა კახიანს და პაატა კიკნაველიძეს მივმართე, მათ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ. ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ წევრები არიან, მაგრამ ამ ფრაქციაში იმისათვის არიან, რომ გოგი თოფაძეს ფრაქცია ჰქონოდა და თავმჯდომარე ყოფილიყო, თორემ ორივეს თანამდებობები აქვთ და მათ იმ ფრაქციის წევრობა არაფერში სჭირდებათ – „მრეწველების“ ფრაქციისგან არაფერი მიუღიათ. ორივე ძალიან კვალიფიციური და კარგი დეპუტატია. ტყემალაძე ანტიდასავლური გამოსვლებით არ გამოირჩევა და კოალიციურ ჩარჩოებშია. მას ჩემი გამოსვლა დღეს ეწყინა, მაგრამ მას ამის გამო არაფერს დავაბრალებ. გოგი თოფაძე პრობლემას პარტიას უქმნის. პარტიას და ფრაქციას ან თოფაძე უნდა გაემიჯნოს, ან პარტიისა და ფრაქციის იმ წევრებისთვის, რომლებისთვისაც დასავლური ღირებულებები ასე მნიშნელოვანია, პარტიას უნდა გაემიჯნონ. თუკი „მრეწველები“ გოგი თოფაძით არის, მაშინ ხალხმა უნდა იფიქროს, უნდა იყვნენ თუ არა „მრეწველები“ და თუ უნდათ „მრეწველები“ იყვნენ, იქნებ, თოფაძე პენსიაზე გაუშვან.

წყარო: for.ge
თეონა მანაგაძე

Comments
Loading...