“თუ პოლიციელის მხრიდან ჟურნალისტის ცემის ფაქტი დადასტურდა, ის უმკაცრესად აგებს პასუხს”

თუ დადასტურდა, რასაც გიორგი გასვიანი ამბობს, პირობას გაძლევთ, ის პოლიციელი უმკაცრესად აგებს პასუხს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბორჯომში, ჟურნალისტის ცემასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ეს ფაქტი დადასტურების შემთხვევაში რეაგირების გარეშე არ დარჩება.

„თუ დადასტურდა ის, რასაც ეს ადამიანი ამბობს, უმკაცრესად აგებს პასუხს ის პოლიციელი, რომელმაც ეს ჩაიდინა. ამის პირობას გაძლევთ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ტელეკომპანია „იბერიას“ წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, შემთხვევა გუშინ, ბორჯომში მოხდა. გასვიანის მტკიცებით, პოლიციელი, რომელიც ფიზიკურად ორ პირთან ერთად გაუსწორდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. მათი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.