“თუ ვინმემ თურქეთის ხელისუფლებაში გადაწყვიტა, ამერიკელებს ერთი ადგილი აულოკოს…”

თუ ვინმემ თურქეთის ხელისუფლებაში გადაწყვიტა, ამერიკელებს ერთი ადგილი აულოკოს, არ ვიცი, ეს ამერიკელებს სჭირდებათ თუ არა, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქული ავიაციის მიერ რუსული “სუ-24”-ის ჩამოგდების ინციდენტზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, “სუ-24”-ის ჩამოგდებით ანკარამ “მტრული აქტი” განახორციელა. როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი “ის ქვეყანა არ არის”, რომელიც ამ ინციდენტის შემდეგ რეგიონს დატოვებდა. მისი თქმით, თურქული ავიაციის ქმედებების შემდეგ რუსეთმა სირიაში სამხედრო პოტენციალი გაზარდა და საზენიტო-სარაკეტო სისტემა C-400-ი განალაგა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამდე თურქული თვითმფრინავები სირიის საჰაერო სივრცის მუდმივად არღვევდნენ.
“ახლაც იფრინონ”, – დასძინა პუტინმა.
მისი მოსაზრებით, თურქეთში “მცოცავი” ისლამიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომლის გამოც ათათურქი “საფლავში გადაბრუნდებოდა”.

რუსეთის პრეზიდენტმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას.
სირიაში რუსული სამხედრო-საჰაერო ოპერაციაზე საუბრისას, პუტინმა აღნიშნა, რომ ის იქამდე გაგრძელდება, “სანამ სირიის არმიას მხარდაჭერა სჭირდება”.

ჟურნალისტის კითხვაზე, საჭიროა თუ არა სირიის პროვინცია ლატაკიაში რუსული ბაზის გახსნა, პუტინმა განაცხადა, რომ “არ იცის” რამდენად საჭიროა ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რადგან თუ რუსეთს “ვინმემდე მიწვდომა დასჭირდა, ისედაც მისწვდება”.

Leave A Reply

Your email address will not be published.