თუკი ღარიბაშვილი სიის პირველი ნომერი იქნება, შესაძლოა, რესპუბლიკელებმა კოალიცია დატოვონ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ოფიციალურად არ დასახელებულა და ამის სურვილი მხოლოდ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა გამოთქვეს, თუმცა, ეს საკითხი რესპუბლიკელების გაღიზიანების მიზეზი მაინც გახდა.

„ქართული ოცნება“ ღარიბაშვილის სიის პირველ ნომრობას არ გამორიცხავს და თავად ყოფილი პრემიერის გადაწყვეტილებას ელოდება, „რესპუბლიკელები“ კი, პირდაპირ ამბობენ, რომ ეს რელევანტური გადაწყვეტილება იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილი რას აპირებს, ეს ამ დრომდე, გაურკევევლი რჩება, მაგრამ როგორც პოლიტიკურ კულუარებში აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუკი, ყოფილი პრემიერი სიის პირველი ნომერი იქნება, არ არის გამორიცხული, კოალიცია დაიშალოს და ის „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დატოვოს.

როგორც for.ge-ს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განუცხადა, ღარიბაშვილს როგორი მოსაზრებაც ექნება, პოლიტიკური მოვლენები მნიშვნელოვანწილად ისე განვითარდება. მისი თქმით, ყოფილი პრემიერი ფიქრობს, რომ ახალი ენერგიაა საჭირო.

„ბევრი უარყოფითი მუხტი დაგროვდა, დიდი შეტევებია, რაც დაკავშირებულია პოლიტიკურ პრაგტაზიმთან, რომელიც ოპონენტებს გააჩნიათ. ირაკლიმ გადაწყვიტა, რომ შემხვედრი ნაბიჯი უნდა იყოს ახალი ენერგია, ახალი სახეების გამოჩენა და ამ ანერგიით წინ მოძრაობა. ამ ენერგეტიკაში მისი როლი მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ის რა პოზიციაზე იქნება, არ ვიცი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მიესალმება, თუკი ღარიბაშვილი სიის პირველი ნომერი გახდება. for.ge-სთან საუბარში მეჭიაური აცხადებს, რომ მას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ თუკი ეს ასე იქნება, ამას მხოლოდ მიესალმება.

„თუკი ბიძინა ივანიშვილი სიის სათავეში არ ჩადგება, მაშინ სიის პირველი ნომრობა ირაკლისთვის კარგი იქნება. კოალიციაში დომინანტი „ქართული ოცნებაა“ და თუკი სიის პირველი ნომერი „ოცნების“ წარმომადგენელი იქნება, ეს მხოლოდ მისაღებია“, – დასძინა მეჭიაურმა, რომლის მსგავსად, ღარიბაშვილის სიის პირველ ნომრობას მისაღებად მიიჩნევს ლუკა კურტანიძე.

კურტანიძე ღარიბაშვილის მიერ გაწეულ სამუშაოებს საამაყოდ მიიჩნევს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ეამაყება, რომ ღარიბაშვილის თანამებრძოლია და ის ასეთი ქართველია.

„ძალიან რთულია, როცა ხელისუფლებაში ხარ და ამ გადაწყვეტილებას იღებ. ბევრი გასაკაფი გვაქვს და საქარველოს საკეთილდღეოდ ბევრს გავივლით. ამ საკითხზე გუნდი იმსჯელებს. თუკი ეს ასე იქნება, ეს კარგი გადაყწვეტილება იქნება,რადგან მებრძოლი ადამიანია. ის პიროვნებაა, რომელიც წინ უფალს და სამშობლოს აყენებს. მას რომ არაფერი ეთქვა, ეს სიტყვები ყველაფერის მთქმელი იქნება“, – დასძინა კურტანიძემ.

პარლამენტს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ფიქრობს, რომ აღნიშნულ საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია ყოფილი პრემიერის პოზიცია – ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარეა და მას პარტიულ საქმიანობაზე არაფერი უთქვამს.

„გული მწყდება, რომ ის გადადგა. ჩვენ თანამებრძოლები ვართ, ის გუნდის ლიდერი იყო და ძალიან მძიმე პერიოდები ერთად გავიარეთ. მის მიმართ ნდობა ძალიან მაღალი იყო და მინდა, რომ ის ყველგან წარმატებული იყოს“, – განუცხადა for.ge-ს კობახიძემ.

ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი ირაკლი პარტიის თავმჯდომარედ და კოალიციის ლიდერად დარჩება, ის საარჩევნო სიის პირველ ნომრად მოაზრებული უნდა იქნას, თუმც ეს დამოკიდებული იმ ყრილობაზე იქნება, რომელიც არჩევნების წინ გაიმართება და „ქართული ოცნება“ ამის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

„არ მგონია, რომ „რესპუბლიკელებმა“ საკითხი ასე დასვან, რადგან ეს უკვე შეცდომა იქნება. იმ ალბათობას გამოვრიცხავ, რომ მათ საკითხი ასე დასვან. ღარიბაშვილს რესპუბლიკელებისგან ისეთი არაფერი დაუმსახურებია, რომ მათ საკითხი ასე დასვან“, – განუცხადა for.ge-ს ქუცნაშვილმა.

რაც შეეხება ფრაქცია „რესპუბლიკელების“ განწყობას, ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ მოსალოდნელი არ არის, რომ სიის პირველი ნომერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. როგორც for.ge-ს ბერძენიშვილმა განუცხადა, ღარიბაშვილის პირველ ნომრობაზე მოსაზრება შესაძლოა, ვინმეს ჰქონდეს, მაგრამ ასეთი რაღაც არ განხილულა.

„ვიცი, რომ სიის შედგენა ჯერჯერობით არ მომხდარა. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ იქნება. თუკი ეს ასე მოხდება, „რესპუბლიკელები“ შეიკრიბებიან და თავის დასკვნას გააკეთებენ, მაგრამ ეს იმ ტიპის ფანტაზიაა, რომლის განხილვაც არ მოხდება და ეს ასე არ იქნება. ამას კოალიციიდან იმ ხალხის წასვლა მოჰყვება, რომელსაც რეალობის შეგრძნება არ აქვს“, – დასძინა ბერძენიშვილმა, რომლის პოზიციაც იზიარებს ფრაქციის ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

for.ge-სთან საუბარში ბერძენიშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობის კონტექსტში ასეთი იდეა არ განიხილება.

კანონმდებელი არ ფიქრობს, რომ ეს რეალისტური იყოს.

„ორი წლის მანძილზე, ღარიბაშვილმა ენერგიულად იმუშავა. მისი გუშინდელი სიტყვა არ მიანიშნებს, რომ ის პოლიტიკას საბოლოოდ დაემშვიდობა. არ მიანიშნებს არც იმას, რომ ის უახლოეს ხანში პოლიტიკურ აქტივობას აპირებს. ასეთი რაღაცეები რელევანტური არ არის ახლა. ნუ ვიმარჩილეებთ. როცა მისი წარმატების პიკი იყო, გადადგა და გადადგა. რელევანტური არ არის საუბარი მის პირველ ნომრობაზე“, – აცხადებს დეპუტატი.

ბერძენიშვილის შეფასებით, ღარიბაშვილის სიტყვა ძალიან ომახიანი იყო, რაც პოლიტიკასთან ღარიბაშვილის მუდმივი დაშორების შთაბეჭდილებას არ ტოვებდა.

„არც იმის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ის პრემიერის პოსტს ტოვებს, მაგრამ სახელისუფლები ვერტიკალში სხვა პოსტისთვის იბრძოლებს. სენსიტიურები პარლამენტში არა რესპუბლიკელები, არამედ ის ადამიანები არიან, რომლებიც პრემიერი ღარიბაშვილი თუ არ იქნება, შეშფოთებულები არიან, თავად სად იქნებიან“, – დასძინა ბერძენიშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე კი, for.ge-ს კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ირაკლი ღარიბაშილი სიის პირველი ნომერი იყოს და რა რეაქცია ექნებათ „რესპუბლიკელებს“, პასუხობს, რომ ამის თაობაზე არაფერი იცის.

„ბადრიჯანს რომ ფრთები ებას, გაფრინდება თუ არა?“, – გვპასუხობს ხმალაძე.

for.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.