„თუკი ოცნება არჩევნებზე 60%-ს მიიღებს, მოთხოვნა ახალ რადიკალურ ლიდერზე გაჩნდება”

ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას კვლავ ითხოვს და იმედს არ კარგავს, რომ პროპორციული სისტემა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამოქმედდება, მმართველ გუნდში კი, საარჩევნო სისტემაზე ისევ აზრთა სხვადასხვაობაა.

200 ათასი ამომრჩევლისა და ოპოზიციური სპექტრის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2016 წლიდან მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ჩავარდა, თუმცა, ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლას ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ნებას უკავშირებს და არ გამორიცხავს, რომ სისტემა მისი სურვილის შესაბამისად შეიცვალოს.

for.ge-სთან საუბარში ნაციონალი ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ ამ მოწვევის პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისა და განხილვის შანსი და ვადები აქვს, თუმცა, საუბარია იმაზე, პოლიტიკური ნება რამდენად არსებობს. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაღაცისა და ვიღაცის გამო, ხვალ ისეთ ხასიათზე გაიღვიძოს, რომ საარჩევნო სისტემაზე აზრი შეცვალოს.

„როცა პოლიტიკურ ნებას ვახსენებთ, ივანიშვილის ნებას ვგულისხმობთ. საუბარი იმაზე, რომ ეს კოალიციის დაპირება იყო, შორს წაგვიყვანს, თუმცა, არგუმენტი, რომ უმრავლესობის შიგნით არიან მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც ამას მხარს არ დაუჭერენ, უბრალოდ, არასერიოზულია. ამ მაჟორიტარებმა საკუთარი საარჩევნო ოლქების გაუქმებას მხარი დაუჭირეს და მათ გული სხვა ოლქებზე რომ შესტკიოდეთ, უცნაური იქნება. მათი ხმები საჭირო არ არის. კითხვის ნიშნის ქვეშ მათი სავარძლები და კეთილდღეობა დადგება, რის გამოც მათ არჩევანი უნდა გააკეთონ, ურჩევნიათ, იმ სიტყვის შემსრულებელი იყვნენ, რომელიც ამომრჩეველს მისცენ, თუ საკუთარ სავარძელს გაუფრთხილდნენ?!“,- აცხადებს გოგორიშვილი და ბიზნესმენი დეპუტატების ინტერესებზე საუბრობს, რომლებიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგ გამოდიან.

გოგორიშვილის მსგავსად, ხელისუფლების მიერ გაცემულ დაპირებებზე „თავისუფალი საქართველოს“ ხელმძღვანელი კახა კუკავა საუბრობს და for.ge-სთან საუბარში „ოცნებას“ წინამორბედების ბედს ახსენებს. კუკავას თქმით, ყველა კორუმპირებული რეჟიმი, რომელიც საქართველოში არსებობდა, მაჟორიტარებს ებღაუჭებოდა.

„სააკაშვილისა და შევარდნაძის რეჟიმები გახსოვთ? – „ოცნების“ რეჟიმიც იგივეა. როდესაც ხელისუფლების რეიტინგული 30 პროცენტის ქვემოთ ეცემა, ერთადერთი იმედი უმრავლესობის შენარჩუნებაა, რაშიც მათ მაჟორიტარული სისტემა ეხმარება, რომელიც კორუფციულია და იცით, რომ საარჩევნო ოლქების უდიდეს ნაწილში მიმდინარეობს არა პოლიტიკური კამპანია, არამედ ის, ვის უფრო მეტი შაქრის ტომარა აქვს და უფრო მეტი მაკარონი აქვს დასარიგებელი, რაც 21-ე საუკუნეში იმ ერს შეურაცხყოფს, რომელსაც დიდი კულტურასა და ისტორიაზე პრეტენზია აქვს“, – აღნიშნავს კუკავა.

კუკავა ირიბად ქუჩის აქციებზეც მიანიშნებს, თუმცა, ის for.ge-ს კითხვას – აქვს თუ არა ოპოზიციას იმის რესურსი, რომ საარჩევნო თემატიკაზე აქციები გამართოს, პასუხობს, რომ ახალი გიჟი და ახალი რადიკალური ლიდერი მოიძებნება.

„არ ვამბობ, რომ ამ აქციებს ოპოზიციური პარტიები ხვალ და ზეგ გამართავენ. თუკი ხელისუფლების რეიტინგია 20 პროცენტი და მას მანდატების 60 პროცენტი აქვს, შეუძლებელია, რომ ეს პოლიტიკური პროცესი ქუჩაში არ გადავიდეს. შეიძლება, ეს მე და ჩემმა მეგობრებმა ვერ გავაკეთოთ, მაგრამ სხვა მოინახება. პოლიტიკური ბაზრის პრინციპია, მოთხოვნა განაპირობებს მიწოდებას. მერწმუნეთ, მოთხოვნა შეიქმნება. „ქართული ოცნების“ რეიტინგი 15-20 პროცენტია და თუკი ისინი არჩევნებზე 60 პროცენტს მიიღებენ, ახალ გიჟსა და ახალ რადიკალურ ლიდერზე მოთხოვნა გაჩნდება, რომელიც ქუჩაში 200 ათასს ადამიანს გამოიყვანს, პარლამენტის შენობას შტურმით აიებს და ხელისუფლების ლიდერებზე ძებნას გამოაცხადებს. მოწადინებული ვართ, რომ ეს ყველაფერი კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოვაქციოთ“, – აღნიშნავს კუკავა.

პოლიტიკური ცენტრის – „გირჩი“-ს წევრი პავლე კუბლაშვილი კი პროგნოზირებს, რომ 2016 წლის არჩევნებზე ბევრი მეორე ტური იქნება. როგორც for.ge-ს კუბლაშვილმა განუცხადა, პოლიტიკური ნების დეფიციტია და გადაწყვეტილია, რომ ამ ეტაპზე „ქართულმა ოცნებამ“ ის გამოიყენოს, რასაც მაჟორიტარული მანდატებით პროპორციული ხმების გამაგრება ჰქვია. მისი მოსაზრებით, ხელისუფლებისთვის მაჟორიტარული სისტემა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მყარად იყოს.

„ასეთი დამოკიდებულება საარჩევნო სისტემისთვის დამღუპველია. პრობლემური იქნება პოსტსაარჩევნო პერიოდი და ძალიან ცუდია, თუკი, ამაზე დღეს არ ფიქრობენ, რადგან ქვეყანაში თვეზე მეტი ხნის მანძილზე არეულობები იქნება. მათ შორის, ამას გარდაუვალი მეორე ტურები გამოიწვევს. თუკი ვინმეს კიდევ აქვს უნარი, რომ შექმნილი სიტუაცია გაანალიზოს, სისტემა უნდა შეცვალოს. ჩვენი ვარიანტი გვაქვს, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილება არ სჭირდება. ის მოდელი რაც დღეს არის, ძალაში არ უნდა დარჩეს“, – დასძენს კუბლაშვილი.

ოპოზიციისგან განსხვავებით, უმრავლესობაში მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. „ნაციონალური მოძრაობიდან“ „პორტირებული“ დეპუტატების მსგავსად, პროპორციული სისტემის წინააღმდეგ გამოდის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი. for.ge-სთან საუბარში ქუცნაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარული სისტემა არ უნდა გაუქმდეს. კანონმდებელი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემთხვევაში, პარტიების მიერ პოლიტიკური საქმიანობის მონოპოლიზება მოხდება.

„კონსტიტუციიის ერთგული ვრჩები, რომელიც ამბობს, რომ პარტიულებსაც და არაპარტიულებსაც აქვს უფლება ხალხის წარმომადგენლები იყვნენ. წინააღმდეგი ვარ, რომ პოლიტიკური საქმანობის მონოპოლიზება მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ხელში მოხვდეს და ნომერაციის განსაზღვრის უფლება მხოლოდ მათ ჰქონდეთ. უპარტიო ადამიანებს ეს უფლება არ უნდა შეეზღუდოთ“, – ამბობს ქუცნაშვილი, რომლის მსგავსად, აზრთა სხვადასხვაობაზე მიუთითებს ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია.

ბუკია ამბობს, რომ მოსახლეობის ნაწილი მხარს მაჟორიტარულ სისტემას უჭერს, მეორე ნაწილი კი – პროპორციულ სისტემას.

„ნებისმიერ ქვეყანაში ეს მუდმივი დავის საბაბია. ქვეყანა რომელ სისტემას აირჩევს, ამაზე კონსესუსი უმრავლესობაშიც გვჭირდება, რადგან უმრავლესობა ერთი პარტიის წარმომადგენლებისგან შემდგარი არ არის. შიგნით კონსესუსი მოვახერხეთ და 2020 წლისთვის ის მოთხოვნები, რასაც ოპოზიცია ითხოვს, განხორციელებული იყოს. რეფორმას სრულად ვახორციელებთ და 2016 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატების მოთხოვნას ვითვალისწინებთ, ხოლო 2020 წლისთვის ყველა პოლიტიკური სუბიექტის მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება. უმრავლესობის პოლიტიკური ნება ჩამოყალიბებულია და ოპოზიციის შეფასებები პოლიტიკური სპეკულაციის თემაა და არა საქმესთან სერიოზული მიდგომა“, – განუცხადა for.ge-ს ბუკიამ.

უმრავლესობამ ოპოზიციის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო და შესაძლოა, ამ პროექტმა იგივე ბედი პლენარულ სხდომაზეც გაიზიაროს, თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2020 წლიდან ითვალისწინებს, უმრავლესობას მისაღები აქვს, 113 ხმა კი არ აქვს. იმისათვის, რომ უმრავლესობას ცვლილებების თაროზე შემოდებისთვის საბაბი არ მიეცეს, „ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პროექტის მხარდაჭერას გეგმავენ.

წყარო:for.ge
თეონა მანაგაძე

Comments
Loading...