თურქეთის საგარეო მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთთან თანამშრომლობის დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, ანკარა არ აღიარებს ყირიმის ანექსიას და არ შეიცვლის პოზიციას საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით.
ამ განცხადებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ანკარაში დღეს გამართულ კონფერენციაზე გამოვიდა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არ ვაღიარებთ უკრაინის მიწების ანექსიას“, – განაცხადა თურქეთის მთავარმა დიპლომატმა.
სირიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი, „როგორც არც ერთი სხვა ქვეყანა, დაინტერესებულია მშვიდობით სირიაში“. მისი თქმით, ანკარა მილიარდობით დოლარს ხარჯავს თურქეთის ტერიტორიაზე განსახლებული 2,8 მილიონი დევნილის მხარდასაჭერად. ამასთან, ანკარის ძალისხმევის შედეგად აღმოსავლეთ ალეპოდან 45 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა შესაძლებელი.
„ანკარა ყველაფერს აკეთებს სირიის მთელ ტერიტორიაზე მშვიდობის მისაღწევად, – განაცხადა თურქმა მინისტრმა. – ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის პროცესს და პარალელურად ვებრძვით „ისლამურ სახელმწიფოს“.