თურქეთი თანამოქალაქეებს მოუწოდებს რუსეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთში დაგეგმილი ყველა ვიზიტი გააუქმონ და რუსეთის ფედერაციას გადაუდებელი აუცილებლობლობის შემთხვევის გარდა არ ესტუმრონ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება იმ სირთულეების გამო მიიღეს, რომელიც ბოლო დღეებში თურქ ბიზნესმენებსა და ტურისტებს რუსეთში შეექმნათ. როგორც სააგენტო Reuters იუწყება, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის, სუ -24 ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ გაუარესდა.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თანამოქალაქეებს თურქეთში ტურისტული მიზნით გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და გადაწყვიტა 2016 წლიდან თურქეთთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს.
„რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეჩერდეს უვიზო რეჟიმი, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის არსებობს. ეს გადაწყვეტილება ძალაში 1 იანვრიდან შევა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
პარალელურად, რუსეთის ხელისუფლება უახლოეს მომავალში თურქეთთან ყველა სამხედრო-ტექნიკური პროექტი გაყინვას გეგმავს. მიღებულმა ზომებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს „თურქეთის ნაკადზე“, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე, საჰაერო გადაზიდვებზე და თურქეთიდან პროდუქციის შემოტანაზე.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს თურქეთმა F-16-დან რუსული ბომბდამშენი Су-24 ჩამოაგდო, რომელიც სირიაში, თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში ჩამოვარდა. მომხდარის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ეს ტერორისტების თანამზრახველების მხრიდან „ზურგში დარტყმა” იყო. CNN-თან ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ სუ-24 ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდას არ აპირებს და ანკარა აგრესიად ჩათვლის იმ ფაქტს, თუ მის თვითმფრინავს სირიის საზღვრების დარღვევისას ჩამოაგდებენ.

Comments
Loading...