თურქეთის და ირანის ურთიერთობა ნელი ტემპით, მაგრამ ისევ თბება

მოსკოვის მსგავსად, თეირანიც სარგებლობს 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და სამართლიანობისა და განვითარების მმართველი პარტიისადმი ირანის მყისიერი მხარდაჭერით გამოწვეული თურქეთის კეთილგანწყობით.
სემიჰ იდიზი
16.08.16

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიო ლიდერთაგან, ვინც წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ერდოღანს მხარდაჭერის გამოსახატად დაურეკა.

ოპტიმისტური განწყობა გასულ კვირას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის ანკარაში დაუგეგმავი ვიზიტის დროსაც იგრძნობოდა. თურქი კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მას ქება-დიდებას ასხამდა.

„სახელმწიფო გადატრიალების ღამეს არც მე და არც ჩემს მეგობარ ჯავად ზარიფს დილამდე თვალი არ მოგვიხუჭავს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ყველაზე მეტ ხანს ვესაუბრე: იმ ღამეს მან ხუთჯერ დამირეკა“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ. ზარიფი თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა და პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმაც თბილად მიიღეს.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისადმი ირანის მიერ დაკავებული პოზიციის გამო თურქეთი მადლიერია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ თეირანის დამოკიდებულება დასავლეთის მდუმარებისგან მკვეთრად განსხვავდება. გადატრიალების მცდელობის შემდეგ ანკარისადმი მოსკოვის მიერ უმალ გამოხატულმა მხარდაჭერამ და რუსეთისა და ირანის ხელისუფალთა განცხადებებმა გააჩინა ვარაუდები ანკარას, მოსკოვსა და თეირანს შორის „ახალი ღერძის“ თაობაზე და რომ შესაძლოა, ამ სამეულმა სირიის კრიზისის დასასრულებლად ერთობლივად იმოქმედოს.

ისლამისტურ „მილი გაზეთში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ვეტერანმა თურქმა ჟურნალისტმა აბდულქადირ ოზკანმა აღნიშნა, რომ თურქეთის საერთაშორისო ურთიერთობებისთვის ხანგრძლივი მეგობრობა თუ მტრობა უჩვეულოა, რადგან მათ სხვა ინტერესები განაპირობებს.

„ეს ინტერესები დროთა განმავლობაში იცვლება. ზოგჯერ ახალი მოკავშირეები მტრისგან თავის დასაცავად სჭირდებათ, ზოგჯერ კი შესაძლოა, არსებული მოკავშირეები ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ამოქმედდნენ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ აშშ-სა და ევროპის მიერ თურქეთისადმი დაკავებული არც თუ მეგობრული პოზიცია ანკარას მოსკოვსა და თეირანთან ახალი შეთანხმებებისკენ უბიძგებდა.

ამ თვალსაზრისს რუს და ირანელ ოფიციალურ პირთა განცხადებებიც ამყარებს. ანკარაში ვიზიტისას ზარიფმა კმაყოფილება გამოთქვა ნოემბერში სირიელ მეამბოხეთა დასაბომბად მიმავალი რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდებით გაფუჭებული თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესების გამო.

„მოხარულნი ვართ თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობით და მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მას. ამ სამმა ქვეყანამ რეგიონული მშვიდობისთვის უნდა იღვაწოს“, – ჩავუშოღლუსთან მოლაპარაკების შემდეგ განუცხადაზარიფმა ჟურნალისტებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი 9 აგვისტოს მოსკოვში პუტინ-ერდოღანის უმაღლეს დონეზე შეხვედრიდან რამდენიმე დღეში შედგა, წინა დღეს კი რუსეთის პრეზიდენტი ირანელ კოლეგას ბაქოში შეხვდა.

რუსეთის ახალი ამბების სააგენტო „სპუტნიკმა“ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, იბრაჰიმ რაჰიმპურის პრეზიდენტ რუჰანის ბაქოში ვიზიტამდე წარმოთქმული სიტყვები მოიშველია და განაცხადა, რომ პუტინი და რუჰანი იმის განხილვასაც აპირებდნენ, როგორ დახმარებოდნენ ერდოღანს. „არაბული ქვეყნები და დასავლეთი მას დახმარებას ვერ გაუწევდნენ. ჩვენი რეგიონისთვის რუსეთის, თურქეთისა და ირანის კარგი ურთიერთობაა საჭირო“, – განაცხადა რაჰიმპურიმ.

ანკარაში ზარიფის მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ ბოგდანოვის განცხადებამ „ახალი ღერძის“ შესახებ ვარაუდები კიდევ უფრო გაამყარა. მისი თქმით, სირიის საკითხის განსახილველად სამმხრივი შეხვედრაა მოსალოდნელი. თუმცა უნდა ითქვას, რომ სამი ქვეყნის ნამდვილად დამაკავშირებელი „ღერძის“ შექმნა, სხვა რომ არაფერი, საეჭვოა, რადგან ერთის მხრივ, ანკარისა და თეირანის, ხოლო მეორეს მხრივ, ანკარისა და მოსკოვის აზრთა სხვადასხვაობა სირიის შესახებ კვლავაც მნიშვნელოვანია.

ანკარას პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებაში დარჩენა არ სურს, თუმცა, სავარაუდოდ, იგი დათანხმდება სირიის ახალ მთავრობაში ასადის მხარდამჭერთა ყოფნას. რაც შეეხება მოსკოვსა და თეირანს, მათ ნათლად აჩვენეს, რომ ასადის მომავალზე „ვაჭრობისთვის“ მზად არ არიან. ანკარა ასევე უკმაყოფილოა რუსეთის სამხედრო ოპერაციებით (რომელიც მისი აზრით, ასადის ლეგიტიმურ ოპოზიციას ებრძვის) და ირანის ფარული თუ აშკარა მცდელობით, შეინარჩუნოს სირიის რეჟიმი.

თავის მხრივ, რუსეთსა და ირანს კვლავ სწამთ, რომ სირიაში რადიკალ სუნიტთა ჯგუფებს, რომლებსაც ისინი ტერორისტულ ორგანიზაციებს უწოდებენ, ანკარა უჭერს მხარს, რამაც, მათი აზრით, სირიის კრიზისი გააჭიანაურა. მაგრამ ზოგიერთ საკითხში თურქეთ-ირანის ინტერესები ემთხვევა. მაგალითად, ზარიფის ვიზიტისას ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს სირიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების აუცილებლობა. ორივე ქვეყანა ჩრდილოეთ სირიაში ქურთთა ავტონომიური რეგიონის შექმნის წინააღმდეგია, მაგრამ ანკარაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჩავუშოღლუსა და ზარიფს აშკარად არაფერი უთქვამთ.

ჩავუშოღლუ ამ საკითხს გაკვრით შეეხო და მხოლოდ ის თქვა, რომ ანკარა ირანის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ისევე ეკიდება, როგორც თურქეთისას და ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთში, ქურთისტანის თავისუფლად ცხოვრების პარტია ირანში და დემოკრატიული კავშირის პარტია სირიაში საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ ორ ქვეყანას, არამედ მთელ რეგიონს.

თურქეთი და ირანი ისლამურ სახელმწიფოსთან და სირიასა და ერაყში მოქმედ მსგავს დაჯგუფებებთან ბრძოლის საჭიროებაზეც თანხმდებიან.

დასავლეთთან მისი სამხედრო-სტრატეგიული კავშირების გათვალისწინებით, რაც ამჟამინდელი დაძაბულობის მიუხედავად, სავარაუდოდ, შენარჩუნდება და ირანის რეგიონულ მეტოქე საუდის არაბეთთან თანდათან განვითარებადი ურთიერთობის ფონზე ანკარას სიფრთხილე მართებს, რათა ისეთი შთაბეჭდილება არ შეიქმნას, თითქოს ის საგარეო პოლიტიკას სხვა ქვეყნებისთვის საზიანოდ აგებს.

აპრილში სტამბოლში გამართული ისლამური სახელმწიფოების კონფერენციის სამიტზე თურქეთმა იგრძნო, რამდენად დაძაბულია თეირან-რიადის ურთიერთობა: დაძაბულობა მაშინ იმდენად გამოაშკარავდა, რომ ანკარა ორ მხარეს შორის აღმოჩნდა.

თურქეთის ყოფილი ელჩი თეირანში ბოზქურთ არანი მიუთითებს, რომ ირანის პოზიცია ამჟამად უფრო ძლიერია და, სავარაუდოდ, ის სირიის მიმართ თურქეთის დამოკიდებულებას არ მიიღებს. „სირიისადმი ირანის პოზიცია ისტორიულია. არარეალისტურია, შუა აღმოსავლეთში თეირანის მზარდი გავლენის გათვალისწინებით მისი შეცვლა ვივარაუდოთ, – განუცხადა არანმა საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალ „ალ-მონიტორს“.

არანმა თურქეთი და ირანი მაჩვზღარბებს შეადარა: „ცივ ამინდში მაჩვზღარბები ერთმანეთთან ახლოს არიან, მაგრამ არა იმდენად, რომ ერთმანეთი დაჩხვლიტონ. ორივე მხარე აცნობიერებს, რომ მათი პოლიტიკური და სამხედრო ურთიერთობების მხოლოდ ნაწილობრივი დაახლოებაა შესაძლებელი.“
მიუხედავად იმისა, რომ გარემოებები უფრო რეალისტური პოლიტიკისკენ უბიძგებს, სირიის მიმართ თურქეთის დამოკიდებულების სრული შეცვლა და ირანის პოზიციის მიღება ნაკლებ სავარაუდოა.

როგორც ჩანს, „სტრატეგიული კავშირების“ ნაცვლად თურქეთი და ირანი სირიის კრიზისის გამო მათი ურთიერთობის დაძაბვამდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენისკენ მიისწრაფიან. თურქეთი ირანთან ურთიერთობას აუმჯობესებს და იმავდროულად საუდის არაბეთთანაც ამყარებს კავშირებს. ეს რეგიონში იმ შუალედური პოზიციის აღდგენის სურვილზე მიანიშნებს, რაც ანკარას „არაბულ გაზაფხულამდე“ ეკავა და მას რეგიონული კრიზისების მოგვარებისას შუამავლობის საშუალებას მისცემდა.

ეს კარგად ეხამება საგარეო საქმეთა მინისტრ ილდირიმის მიერ მაისში თანამდებობაზე დანიშვნისას განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას. მაშინ მან განაცხადა, რომ „თურქეთის მეგობრების რაოდენობის ზრდა და მტრების შემცირება“ მისი პრიორიტეტი იქნებოდა.

საქმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თურქეთი და ირანი ალბათ თავიანთ ტრადიციულ პოზიციას დაუბრუნდებიან: ზოგჯერ ერთმანეთს დაეთანხმებიან, ზოგჯერ – არა, თავიანთ ინტერესებს განუხრელად დაიცავენ, თუმცა ისე, რომ უთანხმოებებმა მთლიანობაში მათი კავშირები არ მოშალოს. ამასობაში ისინი რეგიონულ საკითხებში შეძლებისდაგვარად ითანამშრომლებენ.

წყარო:faktum.ge

al-monitor.com

Comments
Loading...