თურქეთის გემებს აფხაზეთის აკვატორიაში თევზჭერა აეკრძალათ

თურქეთის თევზსაჭერ გემებს შავი ზღვის აფხაზეთის აკვატორიაში თევზჭერა აეკრძალათ, ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო სოფლის მეურნეობის მინისტრზე დაყრდნობით „აბაზა ტვ“ ავრცელებს.

„ეს გადაწყვეტილება რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით მივიღეთ. რუსეთმა იცის, რომ ეს საქმიანობა ჩვენი ბიუჯეტისთვის დიდი სარგებლის მომტანია, ამიტომ უახლოეს მომავალში გვპირდება, რომ თევზჭერას თავად განახორციელებს“, – უთხრა „აბაზა ტვს“ დე ფაქტო სოფლის მეურნეობის მინისტრმა თემურ ეშბამ და აქვე განმარტა, რომ რუსული თევზსაჭერი გემები ვერ ახერხებენ იმ მოცულობის ქაფშიის დაჭერას, რასაც აფხაზეთში მოქმედი ქარხნები გადაამუშავებენ.

„რუსულ თევზსაჭერ გემებს დღე-ღამეში მხოლოდ 6-7 ტონა ქაფშიის დაჭერა შეუძლიათ, ჩვენი ქარხნები კი 3 ათას ტონას ამუშავებენ“, – განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, თურქული გემების მიერ მოპოვებული ქაფშიის გადამუშავებით წელს აფხაზეთის ბიუჯეტში 150 მილიონი რუსული რუბლი შევიდა.

Comments
Loading...