თურქეთში 38 000-მდე პატიმარს გაათავისუფლებენ და გადატრიალების მცდელობისთვის ბრალდებულებს „ადგილებს გაუთავისუფლებენ“

თურქეთი 38 000 პატიმარს გაათავისუფლებს, რათა სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებულ ათასობით ეჭვმიტანილს ციხეებში „ადგილები გაუთავისუფლონ“.

ქვეყნის იუსტიციის მინისტრ ბექირ ბოზდაგის ბრძანების საფუძველზე, საპატიმროებიდან იმ პირების გამოშვება მოხდება, რომელთაც თავისუფლების აღკვეთისთვის ორი წელი, ან ნაკლები აქვთ მისჯილი.

მინისტრის ბრძანება ასევე, იმ მსჯავრდებულებს შეეხება, რომლებსაც სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვთ. საპატიმროებიდან მკვლელობის, ოჯახური და სექსუალური ძალადობის, ტერორიზმისა და სხვა დანაშაულებისთვის ბრალდებული პირები არ გათავისუფლდებიან.

ქვეყნის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა, რომელსაც 270 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ფეთჰულა გიულენის მიერ იყო ორგანიზებული.

გასულ თვეს მომხდარი არეულობის გამო, თურქეთის ხელისუფლებამ 26 000 ადამიანი დააკავა, ხოლო 8 000 ეჭვმიტანილთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ათასობით მასწავლებელს, მოსამართლეებს, საჯარო მოხელეებსა და პოლიციის თანამშრომლებს უფლებამოსილება შეუჩერდათ, ჟურნალისტები და მეცნიერები დააპატიმრეს, ხოლო 130-ზე მეტი მედიასაშუალება დახურეს.

Comments
Loading...