თურქეთში ოპოზიციური გამოცემა Cumhuriyet Murat Sabuncu-ს მთავარი რედაქტორი დააკავეს

თურქმა სამართალდამცავებმა ოპოზიციური გამოცემა Cumhuriyet Murat Sabuncu-ს მთავარი რედაქტორი დააკავეს,-ინფორმაციას CNN Turk ავრცელებს.

მედიის თანახმად, გამოცემის მთავარი რედაქტორისა და სხვა თანამშრომლების სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

დაკავების მიზეზს სამართალდამცავები არ ასახელებენ. თურქეთი ფეთჰულაჰ გიულენთან სავარაუდო კავშირში ეჭვმიტანილი პირების დაკავების ოპერაციას აგრძელებს.

მანამდე, თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულაჰ გიულენთან სავარაუდო კავშირში ეჭვმიტანილი 10 000 ზე მეტი ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლა.

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, თურქმა სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში ქვეყნის საჰაერო ძალების 73 მფრინავი დააკავეს.

„დაკავება სპეცოპერაციის ფარგლებში განხორციელდა. მათ ბრალად ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაცია Feto-სთან საქმიანობა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ედებათ“,-ნათქვამია განცხადებაში. როგორც სააგენტო აღნიშნავს, დაკავებულ 71 მფრინავს „ლეიტენანტის“ წოდება აქვს.

ოფიციალური ანკარა მიიჩნევს, რომ ამერიკაში მცხოვრები მწერალი, საზოგადო მოღვაწე  ფეთჰულაჰ გიულენი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მთავარი ორგანიზატორი იყო. თავად გიულენი ბრალდებას უარყოფს.

როგორც ცნობილია, ადამიანთა უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch თურქეთის ხელისუფლებას პატიმრების წამებაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდგომ, თურქეთში ადამიანთა უფლებები სასტიკად ირღვევა.

მიმდინარე წლის 16 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად განხორციელდა. ამბოხებულებმა სტამბოლსა და ანკარაში რამდენიმე სამთავრობო შენობის დაკავება შეძლეს. ამბოხებულებს ასევე ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაკავება სურდათ, რომელიც სასტუმრო „მარმარისში“ იმყოფებოდა, თუმცა მან გადატრიალების მცდელობამდე ტერიტორია 15 წუთით ადრე დატოვა. მომხდარის შემდეგ, ქვეყანაში 80 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. გარდა ამისა, ქვეყანაში ასობით ორგანიზაცია დაიხურა.

წყარო:ipress.ge

Comments
Loading...